მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19-11-2021

19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბუღალტერთა კავშირის ბაზაზე შექმნილ, საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სწავლებისა და მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვისათვის.

აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, რომელსაც ხელი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ქალბატონმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, სტუ-ის ბიზნესტექნოლოიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ასევე, საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის წარმომადგენლები.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რადგან ვთვლი, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომი სრულყოფა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთიანი და ეფექტური ძალისხმევით.“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

მემორანდუმის მიზანია, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, უახლესი პრაქტიკული მნიშვნელობის სიახლეების გაცნობა. როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, მხარეები ასევე   ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მოქმედ დაწესებულებებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ.

მემორანდუმის თანახმად, ორივე მხარე, მათ ხელთ არსებული სამეცნიერო ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით,   ერთობლივად წარმართავენ სამეცნიერო, სასწავლო, პრაქტიკულ და პროფესიულ-საგანმანათლებლო პროცესს.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, წარმატებული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობასაც.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11