მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18-11-2021

18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და გამოცდილების გაზიარებას.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი სტუ-ის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ, ბატონმა ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარების პროცესებში, რაც შრომით ბაზარზე არსებული ახალი მოთხოვნების სასწავლო პროცესში ასახვასა და კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებას გულისხმობს.

ბატონი ავთანდილ კასრაძის თქმით: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ წიაღში აღზრდილი სტუდენტების მიერ ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელება.“

მემორანდუმის მიხედვით, ასევე მოეწყობა ერთობლივი ღონისძიებები, რომლის მიზანიც, სტუდენტებისა და პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა იქნება. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, სააგენტოს მხირდან უნივერსიტეტს დაეთმობა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკების განხორციელებაში დაეხმარებათ.

„დღევანდელი მემორანდუმის გაფორმება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებისათვის. რამეთუ გაიზრდება ეკონომიკური შემოსავლები საზოგადოებაში, მეცნიერებაში, სტუდენტებსა და მკვლევარებში, სწორედ ეს არის ევროატლანტიკური სივრცისაკენ მიმავალი გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მყარად ადგას“- განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

პროექტის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11