საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, გერმანიის დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, თბილისის მაგალითზე ახორციელებენ პროექტს - „მობილობა ქალაქებისთვის“. პროექტი ორგანიზებულია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის - „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, ურბანული სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარებისათვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს, ევროპული ქვეყნების გამოცდილება გაუზიაროს.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა, თბილისში შიდამეურნეობის გამოკითხვის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო გადაადგილებისას, მოსახლეობის ქცევის შესახებ დღეისათვის არსებული მონაცემების მოპოვებას, ეს კი, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების დაგეგმვისას.
შიდამეურნეობების ფაქტობრივი გამოკითხვის მოსამზადებლად, ასევე აუცილებელია კვლევის პილოტირება. საპილოტე გამოკითხვის მთავარი მიზანი კი, თბილისზე ადაპტირებული კითხვარისა და კვლევის მეთოდების ტესტირებაა.
აღნიშნული საპილოტე შიდამეურნეობის კვლევისათვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ინტერვიუები მოამზადეს და წარმატებით ჩაატარეს კვლევა.
საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ სტუ-ის სტუდენტები მზად არიან, იმ ფართომასშტაბიანი კვლევისათვის, რომელიც გაზაფხულზე თბილისში ჩატარდება და ხელს შეუწყობს დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის პერსპექტიულ დაგეგმვას.
პროექტის კოორდინატორია, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, რომელსაც დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტების მაღალი თეორიული მომზადებისათვის, მადლობა გადაუხადეს.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის 10 სტუდენტი კი, საპილოტე კვლევების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდა.