მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას დრამის თეატრის სპექტაკლს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას დრამის თეატრის სპექტაკლს უმასპინძლა

09-11-2021


9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ტელშიაის ჟიამაიტეს დრამის თეატრის მუსიკალური სპექტაკლი - „ფერადი ღილების კრიალოსანი“ გაიმართა, რომლითაც ორდღიანი საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია - „ლიეტუვა-საქართველოს კულტურული კავშირები“ დაიხურა.

სპექტაკლი სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრისა და ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში ჩატარდა. წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი, ლიეტუვას ელჩის, ანდრიუს კალინდრას ოჯახი, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ის ადმინისტრაციის, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის და საქართველოში მცხოვრებ ლიეტუველთა დიასპორის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სპექტაკლი განსაკუთრებით საინტერესო იყო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ლიეტუვური ენისა და კულტურის შესწავლით არიან დაინტერესებული.

მისი თქმით: „ჩვენ უჩვეულოდ ფერადი, სითბოთი და სიყვარულით სავსე წარმოდგენა ვიხილეთ. სპექტაკლში ცოცხლდება ის, რაც ერთი შეხედვით, მივიწყებას უნდა იყოს მიცემული. მსახიობები დიდი ოსტატობით გადმოგვცემენ უძველეს ლიეტუვურ ტრადიციებს, ფოლკლორს, საგალობლებს. თანამედროვე ლიეტუველები გვაზიარებენ თავიანთი ქვეყნის წინაპრების წეს-ჩვეულებებსა და სიბრძნეს. მადლობას ვუხდით მათ ამისთვის.“

საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, საულიუს ვალაინისიმ კი, აღნიშნა, რომ სპექტაკლი სპეციალურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეირჩა.

„სპექტაკლი გაჯერებულია, როგორც ეროვნული ქორეოგრაფიითა და ეთნომუსიკით, ისე ჟიამაიტელი მწერლებისა და პოეტების ტექსტებით, გარდა ამისა, ჟღერს თანამედროვე პოპულარული მუსიკაც. სპექტაკლის შემქმნელები და შემსრულებლები ეროვნული საგანძურისგან ფერად კრიალოსანს კრავენ და სიყვარულით ჩუქნიან მაყურებელს. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების მიმართ.“ - განაცხადა საულიუს ვალაინისმა.

აღსანიშნავია, რომ „ფერადი ღილების კრიალოსანი“ 2020 წლის ლიეტუვას მოზარდთა სამოყვარულო თეატრის ფესტივალზე - „ანარეკლები“ სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული და ფესტივალის ლაურეატი გახდა



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11