მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ქართულ-ბრიტანული პროექტი, „შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გრძელდება

ქართულ-ბრიტანული პროექტი, „შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გრძელდება

02-11-2021


   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით წარდგენილმა პროექტმა- „შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“  ბრიტანეთის საბჭოს მეოთხე წლის გრანტი მოიპოვა.

პროექტის მე-4 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სტუ-ს 1 ნოემბერს კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ და საქმიანი შეხვედრები გამართეს. ბრიტანელი კოლეგები საქართველოში ერთი თვე დარჩებიან და პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის  ინოვაციურ სემინარებს გამართავენ. ღონისძიებებთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.  (http://innovations.gtu.ge/)

ვიზიტის პირველ დღეს, ბრიტანელი კოლეგები  ვიცე-რექტორს, ბატონ ლევან კლიმიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს.

სტუმრებს ასევე შეხვედრა ჰქონდათ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დევი ხვედელიანთან და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ოთარ გელაშვილთან. პროექტის ფარგლებში, ამ ფაკულტეტზე ხორციელდება საბაკალავრო პროგრამა- „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“. შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო აკადემიურ პროგრამებში, სამეწარმეო სწავლებისა და აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები. კონკრეტულად კი,  ამ მიმართულებით, კურიკულუმების, სილაბუსებისა და ზოგადად, საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და განვითარებისათვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები.  

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს გრანტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კილის უნივერსიტეტი   2018 წლიდან ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს.  „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს, სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცისთვის ეწვიეთ: https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ. პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური პრინციპით.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11