საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ადმინისტრაცია ღვაწლმოსილ მეცნიერს, მრავალი ჯილდოსა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერს, ბატონ რევაზს, გულითადად ულოცვენ 80 წლის იუბილეს.
დიდია ბატონი რევაზის ღვაწლი ენერგეტიკის დარგის განვითარებაში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იყო სახელმწიფო დეპარტამენტის "საქმთავარენერგოს" უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი, მთავარი სახელმწიფო კოორდინატორი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირადი წარმომადგენელი; საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მეხუთე და მეექვსე მოწვევის წევრი.
ბატონი რევაზი იყო "თბილსრესის" მეცხრე და მეათე ენერგობლოკების სახელმწიფო მიმღები კომისიისა და ენგურჰესის ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის, "კავკასიონის" აღდგენით სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დამუშავდა "საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის" პროექტი, საქართველოს კანონი "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" და არაერთი კანონპროექტი, რომელთა მიღებამაც, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში.
ის ხელმძღვანელობდა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს.
1994 წლიდან არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი; მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, ენერგეტიკის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური საბჭოს ექსპერტი.
1997 წელს ბატონი რევაზის ინიციატივით, დაფუძნდა სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი "ენერგია" და დღემდე მისი სარედაქციო კოლეგიის წევრია. ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.
ბატონ რევაზს ვუსურვებთ, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას. ჩვენი ქვეყნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს სამეცნიერო მოღვაწეობაში.