მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

25-10-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, კომპანია „არემჯიმ“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ინოვაციური ცენტრი გახსნა. აღნიშნული ცენტრი შექმნის კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელ, სრულიად ახალ პლატფორმას სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, საინჟინრო გეოდეზიის, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალობების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ისეთი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, როგორიცაა: AutoCAD, Surpac, ArcGis, Riscan Pro, Datamine, Leapfrog, Agisoft, 3D Reshaper, Leica Geo Office, Global Mapper და სხვა.

 

გარდა ამისა, მაღალტექნოლოგიური ბაზის გამოყენებით, ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ახალ ცენტრში საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე იმუშავებენ. მძლავრი პროგრამული მხარდაჭერა მათ საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში ჩართვის შესაძლებლობასაც მისცემს.

 

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად, ლექციებსა და სემინარებს კომპანია „არემჯის“ მენეჯერებისა და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელების გარდა, მოწვეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გამართავენ.

 

სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის გახსნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს, საქართველოში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11