მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სტუდენტების საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო

სტუ-ის სტუდენტების საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო

24-09-2021



23 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტების, თამარ ბოლოთაურისა და თიკო კოკრაშვილის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პირველივე სხდომაზე განიხილა და მიიღო. საკითხი ეხება  საზოგადოებრივ ტრასნპორტში უბილეთო არასრულწლოვანი მგზავრების დასჯის გაუქმებას. კონტროლიორებს აღარ ექნებათ უფლება, დაატოვებინონ ტრანსპორტი 16 წლამდე უბილეთო პირებს.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ავტორებმა სტუ-ის პროფესორ, კახა ძაგანიასთან ერთად მოამზადეს. მათი თქმით: „ ყველაფერი დაიწყო ბატონი კახას სემინარებზე. ნაპერწკალი, რომ დაგვეწყო საქართველოში არსებული ერთ-ერთი პრობლემის განხილვა და საკანონმდებლო წინადადების სახით ჩამოყალიბება, მან გაგვიჩინა.“

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა. საქმე ეხებათ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არ არიან.  როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები ამბობენ: „ასეთ ბავშებს ეგრეთ წოდებული კონტროლიორები ხშირ შემთხვევაში, ტრანსპორტიდან უშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ  ბილეთი არ აქვთ. ისე, რომ არც ფიქრობენ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე. საქართველო აღიარებს ბავშვთა უფლებების კონვენციას და სწორედ ამიტომ, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით, იმ 16 წლამდე პირების, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო სკოლაში ვერ დადიან.“

პარლამენტის კომიტეტში აღნიშნულმა საკანონმდებლო წინადადებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ეს წინადადება პლენარულ სხდომაზეც გავა.

„ჩვენი სტუდენტების ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. დეპუტატებს იმდენად მოეწონათ აღნიშნული ნამუშევარი, რომ გადაწყვიტეს ჩვენი სტუდენტები კანონპროექტის ავტორებადაც დაასახელონ.“- განაცხადა პროფესორმა კახა ძაგანიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს თამარ ბოლოთაურისა და თიკო კოკრაშვილის წარმატებით. მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11