მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

23-09-2021



21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“  შორის 27.04.21 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა.  

აღნიშნულ შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით მახვილაძე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მირანდა გურგენიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თამარ ლომინაძე, სტუ-ს ფაბ-ლაბის სამეცნიერო ხელმძღვანელი თემურ მაისურაძე, სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი არჩილ დადიანი და შიდა აუდიტის უფროსი თამაზ ურთმელიძე. „საქპატენტის“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ კუცია, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი და ამავე ცენტრის თანამშრომელი ნანა გეგია.

შეხვედრაზე განიხილეს ,,ინტელექტუალური საკუთრების მართვის წესების“ პროექტი, რომელიც საქპატენტის მიერ იქნა მომზადებული. ცნობილია, რომ დაპატენტებული გამოგონების, საავტორო უფლებების, სასაქონლო  ნიშნის ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტის უნებართვო გამოყენება წარმოადგენს საკუთრების უფლებების შელახვას, რაც იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების განხორციელება კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა აღნიშნული ობიექტის კომერციული ღირებულება, გამოგონების ლიცენზიის რეალიზაციის შედეგად მიღებული როიალთის განაწილება და ბევრი სხვა.

აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი სტრატეგიის შექმნას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი გამოგონებების, დიზაინის,  აღმოჩენებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენების ხელშეწყობის, მათ მრეწველობაში დანერგვისა და მომავალში კომერციულ რეალიზაციის საკითხებში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების შემქმნელებისა (გამომგონებლები, პატენტმფლობელები, შემქმნელები, ავტორები...) და მათი სპონსორების უფლებებისა და მოვალეობების  სტანდარტების დადგენას, რაც უნდა გახდეს უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის სტიმულირების საფუძველი.  

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ,,ინტელექტუალური საკუთრების მართვის წესების“ პროექტის  შიდასაუნივერსიტეტო  განიხილის საკითხებზეც. „საქპატენტსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც მოემსახურება როგორც ინტელექტუალური საკუთრების საკითხში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11