მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორი მარლენ მჭედლიშვილი

პროფესორი მარლენ მჭედლიშვილი

22-09-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში უმსხვილესი და უმთავრესი მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია და ხელმძღვანელობს მისი ქარტიის პრინციპებით. ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 12 ფაკულტეტი და 15 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; სტუდენტებს სთავაზოვს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ თუ საერთაშორისო პროგრამებს.

ის რომ ტექნიკური უნივერსიტეტი დაარსების დღიდან (1922 წელი, 16 იანვარი) წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტია, მისი პროფესორ-მასწავლებლების დიდი დამსახურებაა. თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ბევრი მათგანი დავკარგეთ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ცნობილი ინჟინერ-ქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარლენ მჭედლიშვილია, რომელიც ახლახანს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარლენ მჭედლიშვილი 1942 წლის 30 ივნისს, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში დაიბადა. პროფესორმა იმავე წელს სამამულო ომში მამა დაკარგა და წლამდე ასაკში დაობლა. მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, რომელსაც თან მატერიალური პრობლემებიც ახლდა, ბატონმა მარლენმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

პროფესორმა უნივერსიტეტშიც დიდი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გამოამჟღავნა, რის გამოც ის სწავლების დასრულების შემდეგ, არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე სამუ­შაოდ დატოვეს. ბატონმა მარლენმა გაიარა ასპირატურის კურსი, წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, მოგვი­ანებით კი სადოქტორო დისერტაციები და ორმოცდაათ წელზე მეტი, სიცოცხლის ბოლომდე, მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

მარლენ მჭედლიშვილი იყო რამდენიმე გამოგონებისა და პატენტის ავტორი, გამოქვეყნებული ჰქონდა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 13 სახელმძღვანელო. პროფესორი ასევე ხელმძღვანელობდა სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს, იყო ხარისხების მიმნიჭებელი კომისიებისა და კოლეგიების წევრი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი მარლენის პედაგოგიური მოღვაწეობა. მას უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიების წამყვანი კურსები მიჰყავდა და იყო სტუდენტების საყვარელი ლექტორი. პროფესორთან კონსულტაციებზე ხშირად მოდიოდნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც მისგან ყოველთვის კვალიფიციურ რჩევებს იღებდნენ. ბატონი მარლენი იყო ადამიანი, რომელიც ქვეყნისათვის დარგის იმ პროფესიონალებს ზრდიდა, რომელთა წვლილიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სწორედ მისნაირ პროფესორებზე დგას დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მთლიანად ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა. მათი ღვაწლი საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში ფასდაუდებელია.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11