დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები სიგელებით დააჯილდოვა.
სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს მაქსიმალური ქულები დააგროვეს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამებში. დაჯილდოების ცერემონია სემეკში გაიმართა და მას სამეცნიერო დარგში სტუ-ს რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი, სემეკის წევრები და აპარატის თანამშრომლებ ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სტუდენტებს ეხმარება სფეროს უფრო საფუძვლიან შესწავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ნარმანიამ მათთვის ამ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაჯილდოებულ სტუდენტებს წარმატება მიულოცა: „ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი არის სწორად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა ენერგეტიკის შესახებ. სემეკსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კომისიას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ხელი შეეწყოს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ენერგეტიკოსებად ჩამოყალიბებასა და მათ წახალისებას სასწავლო თუ პროფესიულ გზაზე. ვულოცავ სტუდენტებს დაჯილდოებას და ვუსურვებ მათ წარმატებებს.“