მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამა „ერაზმუს +“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამა „ერაზმუს +“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

01-09-2021


31 აგვისტოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამა „ერაზმუს+“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლიკა ღლონტი პროფესორ მამუკა ბერიაშვილს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, დევი ხვედელიანს და მის თანამშრომლებს შეხვდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროგრამა „ერაზმუს+“-თან 2014 წლიდან თანამშრომლობს. შეხვედრა ურთირთთანამშრომლობის საკითხების განხილვას მიეძღვნა და საუბრისას ორივე მხარემ აღნიშნა, რომ პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომლებიც ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ინსტიტუციური განვითარების პროექტების, პროფესიული განათლებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას უკავშირდება.

ქალბატონმა ლიკა ღლონტმა გამოთქვა მზაობა, სტუ-ს თანამშრომლებთან გამართოს პერიოდული საინფორმაციო შეხვედრები და გააცნოს პროგრამის პრიორიტეტები, რათა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში მოხდეს მაქსიმალურად მეტი დაინტერესებული პირის ჩართულობა. ამ შეხვედრების მიზანი ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის დონის ზრდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „ერაზმუს+“-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს ვიზიტისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის მადლობა გადაუხადეს. გამოთქვეს იმედი, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს უკვე არსებული თანამშრობლობის გაღრმავებას და საფუძველს ჩაუყრის ახალ პერსპექტივებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11