მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალ არქიტექტურულ კონკურსს ჩაეყარა საფუძველი

23-08-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და სტუ-ის ფაბლაბის ორგანიზებით, სტუდენტთა პირველი არქიტექტურული ფოტოკონკურსი „ჟირაფი - 2021“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ფოტოკონკურსზე, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თავისუფალი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ, სამ ნომინაციაში: „არქიტექტურა დეტალებში“, „თანამედროვე არქიტექტურა ისტორიულ განაშენიანებაში“ და „თანამედროვე ეზო“ 117 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, ახალი კონკურსით მრავალი სტუდენტი დაინტერესდა, რაც უკვე საფუძველია იმისა, რომ კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღოს.

„ჩვენთვის გასაოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ პანდემიის ფონზე არქიტექტურულ ფოტოკონკურსს, რომელიც წელს პირველად ჩავატარეთ, სტუდენტთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არქიტექტურული ფოტოკონკურსი „ჟირაფი“ ტრადიციად ვაქციოთ და მომავალში წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და საზაფხულოდ გავმართოთ. კონკურსში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი, რომელმაც გამარჯვებული ფოტონამუშევრების 3D ფორმატში გადატანა უზრუნველყო. საინტერესო და კონცეპტუალური საკონკურსო პოსტერი შეიმუშავეს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა - მარიამ ღვინეფაძემ და დეა ხიზანიშვილმა. ეს კუბიკებით აწყობილი ჟირაფია, რომელშიც, კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ სტუდენტთა ფოტოები განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩვენი კურსდამთავრებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე არქიტექტორი ვანო ქათამაშვილი იყო, რომელიც დისტანციურად იყო ჩართული გამარჯვებული ფოტონამუშევრების გამოვლენის პროცესში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები, ხოლო პანდემიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ კონკურსის დახურვის ცერემონიასაც ჩავატარებთ და გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადავცემთ“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

სტუ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, კონკურსში ჩართვა შესაძლებელი იყო, როგორც მომავალი არქიტექტორებისთვის, ასევე განსხვავებული პროფესიის სტუდენტებისთვის. თითოეულ მონაწილეს 5-5- ფოტო უნდა წარმოდგინა. 117 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურიმ საუკეთესოდ 10 მიიჩნია. პირველ ადგილზე გავიდა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი თეო კესარელი; მეორე ადგილზე - სტუ-ის სტუდენტი ანა გოშთელიანი და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თამუნა ჩერქეზიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე - სტუ-ის სტუდენტი ანასტასია დევდარიანი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ერეკლე სამსონია. სპეციალური პრიზების - „ჟიურის რჩეული ფოტო“ და „ფაბლაფის რჩეული ფოტო“ - მფლობელები სტუ-ის სტუდენტები - მარიამ ხაზალია და თეკლა კანდელაკი გახდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, შექმნილი პამდემიური მდგომარეობის მიუხედავად, საუნივერსიტეტო სივრცეში კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და სასიხარულოა, რომ სტუდენტთა არქიტექტურული ფოტოკონკურსი, კრეატიული სახელწოდებით - „ჟირაფი“, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

„იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული პანდემიური ვითარებაა, საუნივერსიტეტო სივრცეში სრულიად ახალი სტუდენტური კონკურსის დაარსება და მისი კარგად ორგანიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტების პროფესიონალიზმისა და მოტივაციის ამაღლებას, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია პროფესიონალი სპეციალისტების აღზრდის პროცესში. სტუდენტები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ უნივერსიტეტი მათ მომავალზე ფიქრობს, ზრუნავს. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ახალგაზრდა თაობა არ უნდა მოდუნდეს, არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი და არ უნდა ჩამოშორდეს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას. სწორედ მსგავსი ღონისძიებები - სტუდენტური კონკურსები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ტიპის აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზაობას, მისცეს სტუდენტს მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კოლეგებსა და სტუდენტებს, მათ, ვინც საქართველოს აღმშენებლობის საქმეში თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას“, - აღნიშნა  რექტორმა დავით გურგენიძემ. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11