მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პოზიტიური შედეგი, რომელიც სტუდენტურმა გაცვლითმა პროგრამამ გამოიღო

პოზიტიური შედეგი, რომელიც სტუდენტურმა გაცვლითმა პროგრამამ გამოიღო

23-08-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია წარმატებულ და მოტივირებულ სტუდენტებს Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში გზავნის, შემდეგ კი, მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზაციის საქმეშიც მაქსიმალურად ეხმარება. უნივერსიტეტისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც გაცვლითი პროგრამით წარგზავნილი სტუდენტები თავს ისახელებენ და ამას უცხოელები საქვეყნოდაც აღიარებენ.

გერმანული ჟურნალი „ლაიმსი“, რომელიც გერმანიაში ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ახალ პროექტებს აშუქებს, ვრცლად გამოეხმაურა ქართველი სტუდენტების მსგავს პროგრამაში მონაწილეობას. ჟურნალმა საქართველოს ისტორია მიმოიხილა და მკითხველს ისიც შეახსენა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მისი წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიციით, ხორბლის უნიკალური ენდემური ჯიშებით, რომელთა მოყვანის ტრადიცია ღვინისას არ ჩამორჩება და რომ ჩვენს ქვეყანას ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა-წარმოების ასევე დიდი პერსპექტივა აქვს. შემდეგ კი სტატიაში საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების - არჩილ ფურცელაძისა და ნიკა შაკაიას შესახებ, რომლებიც სწორედ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში, ჰალენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

ჰალენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ, დიდი ყურადღება საკვების დამზადების თანამედროვე მეთოდებს ექცევა.

ქართველი სტუდენტების (ხელმძღვანელი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ დოლიძე) ჰალენის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით გამგზავრებას დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა. სწორედ მათი უშუალო ჩართულობით მოხდა სტუდენტების დაოსტატება გერმანიაში. ქართველი სტუდენტების სამეცნიერო ხელმძღვანელი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ დოლიძეა. გერმანიის მხრიდან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა სტუდენტი იოჰენ შაუფერლბერგელი, რომელიც ქართული ქვევრის ღვინით იყო დაინტერესებული (ხელმძღვანელი პროფესორი იულრიხ ჰოლსბაუერი).

ჰალენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ქართველ სტუდენტებს უდიდეს ყურადღებას, თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ ბიოპროდუქტებისა და პურპროდუქტების წარმოების თანამედროვე საკითხებზე. ჩვენმა სტუდენტებმა გაიცნეს კომპანია „შტაინმაიერის“ პურის საცხობი ქარხანა, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება ფქვილის საწარმო „ჰიმაცმიულერში“ შეიძინეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანელთა დახმარებითა და რეკომენდაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა არჩილ ფურცელაძემ დმანისის რაიონის სოფელ ბოსლევში ჟოლოს ბაღების გაშენება გადაწყვიტა. მან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიაში მიწის ქიმიური ანალიზი და შესაბამისი კვლევები განახორციელა. შედეგმაც არ დააყოვნა. გერმანული ჟურნალი „ლაიმსი“ სწორედ ამ თემით დაინტერესდა. დღეს უკვე, დმანისის რაიონში მოყვანილი ჟოლო ქართულ საკონდიტროებს მიეწოდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდება გერმანიაში, სადაც ჟოლოს წარმატებით რეალიზაციაა შესაძლებელი, - წერს „ლაიმსი“ და იქვე დასკვნასაც აკეთებს: ორივე მხარისთვის სასიხარულოა, რომ სტუდენტურმა გაცვლითმა პროგრამამ ამდენად პოზიტიური შედეგი გამოიღო.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11