მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს

17-08-2021



დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რექფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, გენერალ-მაიორს, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის პრემიების ლაურეატსსაქართველოს და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, მრავალი მეცნიერისა და მკვლევრის აღმზრდელს, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წელი შეუსრულდა. 

ბატონო ელგუჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები მთელი გულით გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ახალ სამეცნიერო მიღწევებს!

ელგუჯა მეძმარიაშვილმა პირველი სამეცნიერო შრომა, რომელიც სივრცით კონსტრუქციებს ეხებოდა, სტუდენტობის წლებში გამოაქვეყნა. ადრეულ პერიოდში ის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარი, ერთობლივ სამუშაოებს ატარებდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, კუიბიშევის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიასთან და გენშტაბის აკადემიასთან, სადაც მისი ავტორობით მუშავდებოდა დიდი ზომის, სწრაფად ასაგები, გასაშლელი სამხედრო ხიდები.

ყოფილი საბჭოთა კავშირის, სამხედრო სამრეწველო დარგის ხელმძღვანელობა დაინტერესდა ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებით და მისი სამუშაოების მიხედვით, მას დაავალეს შეემუშავებინა „სრულიად საიდუმლო“ პროგრამა – „სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“. პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი პრაქტიკული რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

ეს ფაქტი საქართველოსთვის მართლაც უპრეცედენტო იყო, რასაც შედეგად მოჰყვა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის შექმნა, რომელსაც მძლავრი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და პოტენციალი გააჩნდა; სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოში კოსმოსური დიდგაბარიტიანი ნაგებობების შექმნა, რომელთაც ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში; არაგვის ველზე, კოსმოსური ნეგებობების შექმნისა და გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსის აგება; ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში ექსტრემალური მიწისზედა ნაგებობების პოლიგონის გამართვა; ბალისტიკური რაკეტების სტარტის და გადაადგილების ფიქსაციის კოსმოსური კომპლექსის საბაზო 30-მეტრიანი რეფლექტორული ანტენის შექმნა; მიწისზედა, რაკეტსაწინააღმდეგო, რადიოტექნიკური კომპლექსის შექმნა და სხვა მრავალი კოსმოსური და მიწისზედა პროგრამების რეალიზება.

ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – გასაშლელი რეფლექტორი, დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. 1999 წლის 23 - 28 ივლისს კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ობიექტი ღია კოსმოსურ სივრცეში, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად გაიშალა და გამოიცადა.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორისა და ამ უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტის მონაწილეთა ღვაწლი სახელმწიფო ჯილდოებით აღინიშნა, გამოიცა საფოსტო  მარკები და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში 23 ივლისი დაწესდა „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“.

აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, დღემდე აქტიურად არის ჩართული მნიშვნელოვან პროექტებში, რაც კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს აძლიერებს. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, ის ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან თანამშრომლობს, კოსმოსური რეფლექტორების დარგში თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს ატარებს და კოსმოსური ნაკეთობების პროექტირება-შექნაზე მუშაობს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ელგუჯა, მრავალჟამიერ - ქართული მეცნიერების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის!

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11