ძვირფასო კოლეგებო,
მოგმართავთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის კონკურსში და მიღებულმა შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, საკონკურსო კომისიამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად იმუშავეს და იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან სრულად იქნას დაცული თითოეული მონაწილის ინტერესი, მოგიწოდებთ:
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით, განაცხადით მიმართოთ საპრეტენზიო კომისიას.
თითოეული საპრეტენზიო განაცხადის განხილვა მოხდება ინდივიდუალური წესით და ღიაობისა და გამჭვირვალობის სრული დაცვით. საპრეტენზიო განაცხადის განხილვის პროცესს, საპრეტეზიო კომისიის გარდა, დაესწრება საკონკურსო კომისია და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი, საჭიროების შემთხვევაში კი - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები (რექტორი, კანცლერი).
მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ აღნიშნული შესაძლებლობა.
გაცნობებთ, რომ კონკურსის საბოლოო შედეგების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 7 აგვისტო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმატებებს გისურვებთ!