მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს

03-08-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ სპეციალურად ATLAS-ექსპერიმენტისთვის დაპროექტებული და მათივე ხელმძღვანელობით დამზადებული ორი ერთეული მცირე დამცავი დისკოს აწყობა ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) უკვე დაასრულა და ამჟამად, მისი მონტაჟი დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მცირე დისკოები კოლაიდერის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა - პროფესორებმა დავით თავხელიძემ და მიხეილ ჯანიკაშვილმა CERN-ის ATLAS-ექსპერიმენტისთვის მცირე დამცავი დისკოების შექმნაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყეს. დიდი ადრონული კოლაიდერისთვის ამ მნიშვნელოვანი დეტალების შექმნა ხანგრძლივსა და მაღალი სიზუსტის საპროექტო სამუშაოებსა და ეტაპობრივად, მასალაში მათი ზედმიწევნითი სიზუსტით გადატანის სამუშაოებს მოიცავდა. მცირე დისკოების დამზადება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანა „ელიტა ბურჯმა“ უზრუნველყო.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შესრულებულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა.

„უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფატი, რომ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა ჩვენი მეცნიერების მიერ ATLAS-ექსპერიმენტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს. CERN-ის ფიზიკის დეპარტამენტიდან, ATLAS-ის ტექნიკური კოორდინატორის, ბატონი რაფაელ ვიულერმეს წერილი და ფოტოები მივიღეთ იმის თაობაზე, რომ მცირე დამცავი დისკოების შექმნისა და მათი წარმატებით გამოცდის ხანგრძლივი პროცესების დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი მცირე დისკოები უკვე გადატანილია ATLAS-ის მიწისქვეშა ექსპერიმენტულ ქვაბულში, სადაც ამჟამად, მიმდინარეობს მათი მონტაჟი დიდ ადრონულ კოლაიდერზე. CERN-ი ულოცავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან პროექტში აქტიურ მონაწილეობასა და მის წარმატებით დასრულებას. მსგავს გლობალურ სამეცნიერო პროექტებსა და ესპერიმენტებში ჩართულობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობას და ხაზს უსვამს მის საიმედო პარტნიორობას სამეცნიერო დარგებში“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ATLAS-ექსპერიმენტისთვის მცირე დამცავი დისკოს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დავით თავხელიძე განმარტავს, საპროექტო სამუშაოებსა და კოლაიდერის დამცავი დეტალების დამზადებას თითქმის 2-წლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

„თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მიხეილ ჯანიკაშვილთან ერთად, დიდი ადრონული კოლაიდერის მცირე დამცავი დისკოების პროექტირებაზე ვმუშაობდით. ეს საკმაოდ რთული და სპეციფიკური პროცესი იყო. ასევე, თითქმის ერთი წელი დასჭირდა ჩვენი ზედამხედველობით ამ ორი კვანძის მასალაში დამზადებას, რაც ქარხანა „ელიტა ბურჯმა“ უზრუნველყო და მათ დასამზადებლად სპეციალური დანადგარიც კი შეიძინა. ამ დანადგარით შესაძლებელი გახდა დეტალების უმცირესი, 0,05 მმ სიზუსტით, ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგან დამზადება. მცირე დისკოები, რომელთა დიამეტრი 9 მეტრია, საბოლოო ჯამში, დიდი ადრონული კოლაიდერის რადიაციისგან დაცვას უზრყნველყოფს“, - აცხადებს დავით თავხელიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები რამდენიმე წელია თანამშრომლობენ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და აქტიურად არიან ჩართულნი ATLAS-ექსპერიმენტში. მორიგი მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულება, სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს CERN-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კოლაბორაციას.


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11