მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ახალი წიგნი მთის მდგრადი განვითარების პრობლემატიკით დაინტერესებული აუდიტორიისთვის

ახალი წიგნი მთის მდგრადი განვითარების პრობლემატიკით დაინტერესებული აუდიტორიისთვის

30-07-2021



„მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება და ეკოსისტემების ინტეგრირებული მართვა“ - ეს ახალი გამოცემაა, რომელიც ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავსა და უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დაარსებას მიუძღვნა.

ამჟამად არსებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხები, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი და სამეცნიერო წრეების ინტერესი მზარდია. მათი გლობალური, რეგიონული თუ ლოკალური თავისებურებების ტრანსდისციპლინური კვლევა, მათი განვითარების ოპტიმალური მოდელების შექმნის წინაპირობაა. ამჟამად, მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება არაერთი მთიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი და სასიცოცხლოდ გადაუდებელი მიზანი  გახდა. მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება დამოკიდებულია განათლებაზე, კვლევასა და ინოვაციებზე.

წიგნი წარმოადგენს ავტორის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგს, რომელიც მიმართულია მთიან რეგიონებში მდგრადი განვითარებისა და ეკოსისტემების ინტეგრირებული მართვის პროცესების ძიებებზე. ნაშრომი ორიგინალური, აქტუალური და თვითმყოფადია. მასში განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა: მთების სასიცოცხლო მნიშვნელობა, მთის ეკონომიკური შესაძლებლობები, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპები, მთის ბუნებრივი ეკოსისტემების ინტეგრირებული მართვის საკითხები, მთიანი რეგიონების მოსახლეობის, რესურსების და პროდუქტების, მსოფლიოს მთიანი რეგიონების ბუნებრივი პოტენციალი და განვითარების თავისებურებები, დაცული სივრცეები მთიან რეგიონებში, მთის გლობალური და რეგიონული ორგანიზციები და საინფორმაციო ქსელები, მთის განვითარების პროგრამებსა და პროექტებში მონაწილე გლობალური და რეგიონული  ორგანიზაციები.

როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნანა ახალაია აღნიშნავს, სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, ეხმიანება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე არსებულ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებს. ის იძლევა  სტუდენტთა და მეცნიერ-მკვლევართა მიერ ცოდნის დამოუკიდებლად ათვისების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს მოცემული საკითხის სწავლების მოტივაციას.

„ავტორს სათანადოდ აქვს წარმოჩენილი მთათთა ტრანსდისციპლინური მდგრადი განვითარების და ეკოსისტემების ინტეგრირებული მართვის პრობლემური და მთის მდგრადი განვითარების, როგორც გლობალური, რეგიონული, ასევე ნაციონალური საკითხები.

წიგნი უდავოდ დააინტერესებს სტუდენტებს, მთის ბუნების მეცნიერ-მკვლევრებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სტრატეგიული გეგმარების სპეციალისტებს, მთაში ადამიანის ცხოვრებისა და მთის მდგრადი განვითარების პრობლემატიკით დაინტერესებულ აუდიტორიას. გარდა ამისა, გამოცემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს  მთის მდგრადი განვითარების, ტრანსდისციპლინური თემატური მთათთამცოდნეობის  ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში.

ვფიქრობთ, ავტორი გულწრფელ მადლობას იმსახურებს იმ ძალისხმევისთვის, რაც წიგნის მშობლიურ ენაზე პირველად მომზადება-გამოცემას უკავშირდება. გამოცემა პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რასაც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ტრანსდიციპლინური სწავლების პროცესში ვაწყდებით“, - აღნიშნავს პროფესორი ნანა ახალაია.

 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11