მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – ისტორია, რომლის შექმნაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განაპირობა

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – ისტორია, რომლის შექმნაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განაპირობა

23-07-2021


დადგა დრო, შევაფასოთ განვლილი გზა, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, განვითარებასა და მიღწევებს უკავშირდება. ამ მხრივ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულოობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები.


უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მოლოდინში, სისტემური ანალიზი უკეთდება იმას, რაც შევძელით ან ვერ შევძელით და მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოღვაწეობამ, რომელიც საბჭოთა იმპერიის და შემდგომი პერიოდის რთულ ეტაპებს მოიცავს, ძირითადად, განაპირობა საქართველოს ინდუსტრიალიზაცია. ეს იყო სწავლის, სამეცნიერო და შრომის პროცესი, რომელმაც მრავალი წარმატებული ისტორია მოიცვა.

ეს პუბლიკაციაც სწორედ ქართველი ინჟინრების მოღვაწეობის ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს ეხება, რომელმაც განაპირობა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და საფუძველი ჩაუყარა რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას.

ელგუჯა მეძმარიაშვილმა პირველი სამეცნიერო შრომა სტუდენტობის წლებში გამოაქვეყნა, რომელიც სივრცით კონსტრუქციებს ეხებოდა. ადრეულ პერიოდში ის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარი, ერთობლივ სამუშაოებს ატარებდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, კუიბიშევის სახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიასთან და გენშტაბის აკადემიასთან, სადაც მისი ავტორობით მუშავდებოდა დიდი ზომის, სწრაფად ასაგები, გასაშლელი სამხედრო ხიდები.

მილიტარისტული იმპერიის – საბჭოთა კავშირის, სამხედრო სამრეწველო დარგის ხელმძღვანელობა დაინტერესდა ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებით და მისი სამუშაოების მიხედვით, მას დაავალეს შეემუშავებინა „სრულიად საიდუმლო“ პროგრამა – „სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“.

პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მის პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარეებმა წერილობით მიმართეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რაზეც მიიღეს კიდეც თანხმობა.

მაშინ ეს ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რასაც შედეგად მოჰყვა: საქართველოში კოსმოსური დიდგაბარიტიანი ნაგებობების შექმნა, რომელთაც ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში; არაგვის ველზე, კოსმოსური ნეგებობების შექმნისა და გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსის აგება; ბორჯომის რაიონის მთიან ზონაში ექსტრემალური მიწისზედა ნაგებობების პოლიგონის გამართვა; ბალისტიკური რაკეტების სტარტის და გადაადგილების ფიქსაციის კოსმოსური კომპლექსის საბაზო 30-მეტრიანი რეფლექტორული ანტენის შექმნა; მიწისზედა, რაკეტსაწინააღმდეგო, რადიოტექნიკური კომპლექსის შექმნა და სხვა მრავალი კოსმოსური და მიწისზედა პროგრამების რეალიზება.     


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტმა, რომელსაც გააჩნდა პოტენციალი, სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და საქართველოში არსებული საწარმოო შესაძლებლობები „თბილავიამშენის“ სახით, სამუშაოები გააგრძელა ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: Daimler-Benc-Aerospace (გერმანია), Alenia Aerospazio (იტალია), Энергия (რუსეთი), Magna (ავსტრია), HTS (შვეიცარია), Sener (ესპანეთი), მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტი (MTU) და ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA).

სამეცნიერო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითქმის ყველა ფაკულტეტი და მრავალი კათედრა. ეს იყო საინჟინრო აზრისა და ქმედების შესანიშნავი გამოვლენა, რამაც დიდი და ისტორიული შედეგი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის – ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.


პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – გასაშლელი რეფლექტორი, მაქსიმალური გაბარიტით 6,42 მეტრი, რომლის გენერალური კონსტრუქტორია აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, შეიქმნა - დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

ამ ისტორიული ფაქტის ტექნიკური დეტალები კი ასეთია: კოსმოსური ობიექტის შექმნის პრინციპები შემუშავდა, ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა, აწყობის ტექნოლოგიური ციკლი განისაზღვრა და გამოიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსში, რომელიც არაგვის ველზე, სოფელ საგურამოსთან მდებარეობს და რომელსაც მე-20 საუკუნის 80–90-იან წლებში ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში; კოსმოსური ობიექტის პროექტი დამუშავდა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ; კოსმოსური ობიექტის ორი – საფრენოსნო და სარეზერვო ეგზემპლარი დამზადდა თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც ასევე ჩატარდა მათი საქარხნო გამოცდები; ობიექტის საფრენოსნო ეგზემპლარი, დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტის სახით, მომზადდა და გაიგზავნა „ბაიკონურის“ კოსმოდრომზე, სადაც ის კოსმოსურ ხომალდში განათავსეს; კოსმოსური ობიექტის სარეზერვო ეგზემპლარის სასტენდო, წინასაფრენოსნო გამოცდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნიკის სასტენდო დარბაზში ჩატარდა.


1999 წლის 16 ივლისს რაკეტა მატარებელმა, კოსმოსური ხომალდის - „პროგრეს-42“ ორბიტაზე გასაყვანად, რომელშიც განთავსებული იყო რეფლექტორის დაკეცილი, სატრანსპორტო პაკეტი, კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ სტარტი განახორციელა.

1999 წლის 18 ივლისს კოსმოსური ხომალდი ორბიტულ სადგურს შეუპირისპირდა.

1999 წლის 19 ივლისს კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის დაკეცილი პაკეტი, დიამეტრით 0,6 მეტრი, სიმაღლით 1,2 მეტრი და მასით 34 კგ, კოსმონავტებმა კოსმოსური ხომალდიდან გადაიტანეს, მსოფლიოში იმ დროს არსებულ ერთადერთ, ორბიტულ სადგურ „მირ“-ზე.

კოსმოსური ობიექტის პროექტირება, კონსტრუქციული მასალებით და აპარატურით კომპლექტაცია, დამზადება, სასტენდო გამოცდები და კოსმოსში გაგზავნის მომზადება, ფინანსებით და ორგანიზაციულად უზრუნველყო საქართველოში რეგისტრირებულმა საერთაშორისო კომპანიამ, „საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა“ (GPI), რომლის პრეზიდენტი გახლდათ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გრიგორი კინტერაია.

კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანა და ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურ „მირ“-ზე მისი გამოცდები, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ორგანიზაციულად, ფინანსებით, რაკეტა-მატარებლით, კოსმოსური ხომალდით, ექსპერიმენტისთვის აუცილებელი ტექნიკით და სპეციალური ფოტო და ვიდეოაპარატურით უზრუნველყვეს: საერთაშორისო კომპანია „საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა“, თბილისში რეგისტრირებულმა ქართულ-რუსულმა კომპანიამ ENERGIA-GPI-SPACE-მა, სერგეი კოროლიოვის სახელობის სარაკეტო კოსმოსურმა კორპორაციამ ENERGIA-მ, ბაიკონურის კოსმოდრომმა და კოსმონავტების რუსულ-ფრანგულმა ინტერნაციონალურმა ეკიპაჟმა.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან 20 წლის შემდეგაც, ჯერჯერობით, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში (ESA) გაერთიანებული სახელმწიფოებისთვის მიუღწეველია კოსმოსში გაყვანა და წარმატებული გაშლა დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორისა, რომლის მაქსიმალური ზომა შეადგენს 6,42 მეტრს.

1999 წლის 23 - 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.

კოსმოსური პროგრამა „რეფლექტორის“ წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1999 წლის 28 ივლისს, რეფლექტორი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლივ დამოუკიდებელ ორბიტაზე.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ყოველმხრივ მომსახურება და მათ შორის სრულმასშტაბიანი მექანიკური გამოცდები, კოსმოსური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ შესაბამისად, ორბიტულ სადგურზე უზრუნველყო ინტერნაციონალურმა ეკიპაჟმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: კოსმონავტები ვიქტორ აფანასიევი, სერგეი ავდეევი და ფრანგი ასტრონავტი, ბრიგადის გენერალი ჟან-პიერ ენიერე.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი კოსმონავტიკის განვითარების შესახებ საზღვარგარეთის ქრესტომათიულ გამოცემებში, სამეცნიერო-ტექნიკურ ლიტერატურასა და ოფიციალურ დოკუმენტებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში. შესაბამისად, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის და წარმატებული გამოცდის თარიღი, ასევე, მისი განხორციელების ფაქტი შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში.

გარდა ამისა, სახელმწიფო ჯილდოებით აღინიშნა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შემქმნელებისა და კოსმოსში ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეების ღვაწლი, გამოიცა საფოსტო მარკები, რომლებზეც გამოსახულია ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტულ სადგურზე და ღია კოსმოსურ სივრცეში ფრენის დროს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში 23 ივლისი დაწესდა „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“.

მე-20 საუკუნის ბოლოს, საქართველოს მეტნაკლებად გააჩნდა ყოველივე, რაც იმ დრომდე კაცობრიობამ შექმნა, გარდა კოსმოსური ობიექტისა. 1999 წლის 23 ივლისს, საქართველოში, ქართველების ცოდნით და შრომით შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი წარმატებით გამოიცადა ღია კოსმოსურ სივრცეში, რის შემდეგაც დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიაში დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისი გააჩინა, როდესაც ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა პირველად გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში გავიდა.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

პროფესორი დავით გურგენიძე

კოსმოსში კადრები გადაღებულია კოსმონავტების ინტერნაციონალური ეკიპაჟის წევრის, ფრანგი ასტრონავტის, ჟან-პიერ ენიერეს მიერ.


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11