მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

12-07-2021



საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის რანგში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სადაც 100-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლახან, ჩვენი ქვეყანა და უნივერსიტეტი კიდევ ერთმა სტუდენტმა, სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ასახელა, რომელმაც რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის ტურნირზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბადრი ხატისკაციც საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აღნიშნულის თვალნათელი დადასტურება „უნივერსიადა 2021“-ში სტუ-ის სტუდენტური სპორტული გუნდების ღირსეული წარმატებაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გეგმავს, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, მრავალმხრივ შეუწყოს ხელი იმ წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ან სამომავლოდ გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. 


„ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს, მარიამ იმნაძეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრობას -  საპასუხისმგებლო მისიას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას უკავშირდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსურვებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომლის მოპოვების შემდეგ სამუდამოდ რჩებიან ოლიმპიური თამაშების ისტორიაში! გვინდა, ასევე, გამარჯვება მივულოცოთ ჩვენს სტუდენტს, უკვე ევროპის ჩემპიონს სუმოში - ბადრი ხატისკაცს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავის სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი და ტიტულით შეავსებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები ყოველ ღონეს ვიხმართ, კიდევ უფრო განვავითაროთ და ავაღორძინოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ვიზრუნოთ სტუდენტთა  ჩართულობაზე სპორტულ აქტივობებში. უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და მათაც, ვინც სამომავლოდ გახდებიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ხელშეწყობა პირველ რიგში ითვალისწინებს მოქნილი სასწავლო გრაფიკის შეთავაზებას და სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ გარკვეულ შეღავათებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებისთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეს ინიციატივა განავითარებს, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე, პროფესიონალურ სპორტსაც“, -  აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, 13 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სტუდენტს, მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ საზეიმო გაცილებას მოუწყობს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11