20 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირადად გაეცნონ წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პავლე მგელაძე სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრებს საერთაშორისო კორპორაციებთან თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებასა და იმ საჭირო უნარ-ჩვევებზე, რაც თავისი კარიერის მანძილზე შეიძინა.
ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პავლე მგელაძე პირველი ქართველია, რომელიც Amazon.com-ში მაღალ ბიზნესპოზიციაზე მუშაობს. მისი კარიერა Amazon-ს 2016 წლიდან უკავშირდება, Emory-ს უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ. მუშაობა Trade-In გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ამჟამად კი, პავლე მგელაძე კომპანია Amazon-ის მსოფლიო რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელია და როგორც თვითონ ამბობს, ახალ ტექნოლოგიებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად იყენებს.
შეხვედრა 20 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში შედგება.