მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

13-07-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიმართავს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გეგმავენ და მათ ვაქცინაციის კამპანიაში მასობრივად ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ძვირფასო სტუდენტებო, აბიტურიენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო, მიუხედავად რეგულაციების დაცვისა, ვხედავთ, რომ პანდემია მაინც მძვინვარებს - ქვეყანაში ახალი შტამების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაცული უნდა შეხვდეს ახალ სასწავლო წელს. სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის უნივერსიტეტში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემო - ეს ჩვენი უპირველესი საზრუნავია.

ერთადერთი საშუალება, გავუმკლავდეთ პანდემიას და შევძლოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნება - ეს ვაქცინაციაა. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა კი შეუძლებელია ჩვენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების თანადგომის გარეშე.

თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდი (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) მაქსიმალურად გამოვიყენოთ სრული ვაქცინაციისთვის იმ მიზნით, რომ დავიცვათ, როგორც საკუთარი, ასევე, ჩვენი სტუდენტებისა და კოლეგების ჯანმრთელობა და შევძლოთ სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვა.

გარდა ამისა, მომავალ წელს ჩვენს უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება. შესაბამისად, 2022 წელი საიუბილეო ღონისძიებებითა და აქტივობებით იქნება დატვირთული. ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მასში თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და ჩართულობა უნივერისტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ყოველი თქვენგანის ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვთ, გამოვიყენოთ საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასობრივად ჩავერთოთ ვაქცინაციის კამპანიაში“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართვაში. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11