მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული ოფიციალურად გადაეცა

02-07-2021



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტს, როგორც წლევანდელი უნივერსიადის გამარჯვებულ უმაღლეს სასწავლებელს, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე, გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული და თასი ოფიციალურად გადაეცა. უნივერსიადის მონაწილე უნივერსიტეტებს შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში  ყველაზე მეტი ჯილდო: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიებას გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის ტიტულის მქონე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დაჯილდოების  ცერემონიას, რომელიც  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განაცხადებით, სპორტული ცხოვრების განვითარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლისთვის. შესაბამისად, ყოველწლიური, მასშტაბური უნივერსიადების ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და სპორტული ტრადიციების აღორძინებას უწყობს ხელს. როგორც რექტორმა აღნიშნა, კოვიდპანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტული ფორმის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და ორთაბრძოლებში ღირსეულად იასპარეზეს და „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს. 

„პირველ რიგში, ყველა უნივერსიტეტს ვულოცავთ წლევანდელ უნივერსიადაში მოპოვებულ წარმატებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ღირსეული წარმატება მოუტანეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმით, რომ „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულები გახდნენ - 27 მედალი, მათ შორის 15 ოქრო არ არის მარტივად მოსაპოვებელი. სპორტული აქტივობების განვითარება საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ შემდგომშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ავაღორძინოთ და განვამტკიცოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, გავაღვივოთ ახალგაზრდებში პატრიოტიზმი და ხელი შევუწყოთ მათ ჩართულობას სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ან მოიპოვებენ ჩვენთან სწავლის უფლებას, უნივერსიტეტი მოქნილ სასწავლო გრაფიკს შესთავაზებს და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებს, სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ, გარკვეულ შეღავათებსაც დაუწესებს. იმედს ვიტოვებთ, ეს სიახლე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასაც და საუნივერსიტეტო სპორტსაც იმდენად განავითარებს, რომ ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ტურნირებშიც მიიღონ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი წარმატებები მოუტანონ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

ცნობისათვის, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „უნივერსიადა 2021“ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური გუნდების მონაწილეობით სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა. აღნიშნული ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიისგან იყო მხარდაჭერილი. 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11