მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, გიორგი მაღალაშვილს „მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის ორდენი“ გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, გიორგი მაღალაშვილს „მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის ორდენი“ გადაეცა

01-07-2021



ცნობილ მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, მრავალი გამოგონებისა და არაერთი აღმოჩენის ავტორს, ბატონ გიორგი მაღალაშვილს, დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის (РАЕН) „მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის ორდენი“ გადაეცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები  ბატონ გიორგი მაღალაშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავენ, უსურვებენ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ მრავალი სამეცნიერო აღმოჩენისა და გამოგონების ავტორობას! 


გიორგი მაღალაშვილი საქართველოს დამსახურებული გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია.

გიორგი მაღალაშვილი დღესაც წარმატებით ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას - სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა რამდენიმე ათეული სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი; დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს წევრი; სხვადასხვა დროს კი, გიორგი მაღალაშვილს მიენიჭა ღირსების ორდენის კავალერის, ასევე, კალისტრატე გაბუნიას და აკადემიკოს ვ. ვერნადსკის სახელობის პრემიების ლაურეატის წოდებები.

გიორგი მაღალაშვილი მონაწილეა 43 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის, კონგრესის და სიმპოზიუმისა; მისი ავტორობით გამოიცა 149 სამეცნიერო ნაშრომი და ფუნდამენტური კვლევები, მათ შორის: 23 მონოგრაფია და უმაღლესი სასწავლებლების დამხმარე 7 სახელმძღვანელო. მისი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: მონოგრაფია - „ საქართველოს სანახელავო ქვები“; „ქვეყნის მინერალურ-რესურსული პოტენციალის გაზრდის პერსპექტივები მეორეული მინერალების, არატრადიციული სახეობების ნედლეულისა და ზოგი „ფუჭი“ ქანების ხარჯზე“; „აზამბურის ნატრიუმ-სულფატიანი ტბების ბაზაზე ქიმიური და სამედიცინო პრეპარატების წარმოებისა და ბალნეოლოგიური კომპლექსის აშენების პერსპექტივები“; „About One More Possible Model of Oil Generation“; „სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი“ - ტომი 1 და ტომი 2; „ტყიბული-შაორის საბადოსთან დაკავშირებული პრობლემები“; „Natural Resources (Brief Review)“; „სამთო-მეტალურგიული ენციკლოპედია“ - ტომი 1.  

გიორგი მაღალაშვილს ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო აღმოჩენა, მათ შორის კი უნიკალურია: ჩინეთის ხან-კანის საბადოს „ფაიფურის ქვის“ ქიმიურ-მინერალოგიური მეთოდებით გაშიფვრა და საქართველოში, ბოლნისის რაიონში ანალოგიური წარმონაქმნის - ბეგთაკარის საბადოს აღმოჩენა; აქატის სპეციფიკური ზონალურ-კონცენტრული სტრუქტურების წარმოქმნის მექანიზმნის გაშიფვრა და აქატის ნუშისებრი სხეულების ოპალისებრ არშიაში ჰიდროთერმულ-მეტასომატური ცეოლითების დადგენა; ნახშირების ბუნებრივი „გაღარიბების“ აღმოჩენა; ახალციხის რაიონში, წყალთბილის საბადოზე, სასარგებლო დასტის ქვედა ჰორიზონტებში მაღალი ხარისხის „თაბაშირის ქვის“ (ალებასტრის) აღმოჩენა და სხვ.

შთამბეჭდავია გიორგი მაღალაშვილის გამოგონებათა ნუსხაც. მათ შორის უაღრესად მნიშვნელოვანია: გეოფიზიკური (ელექტროპოფილირების და ელექტროზონდირების) მოდიფიცირებული მეთოდი - სიღრმის გაზრდის მიზნით, ჭაბურღილების საცავი მილების გამოყენება; მინის ხარშვის ქიმიური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს რიოლითების გამოყენებას კაზმში კვარცის ქვიშისა და სოდის ეკონომიის მიზნით; ნიადაგის აგროქიმიური თვისებების გასაუმჯობესებლად ხელოვნური სუბსტრატის შექმნა ადგილობრივი არატრდიციული ნედლეულის ბაზაზე და სამრეწველო მნიშვნელობის საბადოების ორგანო-მინერალური კომპონენტების გამოყენებით.

გიორგი მაღალაშვილი ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის წევრია; იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სასრგებლო წიაღისეულის მარაგების კომისიის წევრი, ამჟამად კი - მინერალოგიური საზოგადოების საბჭოს წევრია. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ცეოლითური კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გიორგი ციციშვილის მოადგილე.

სხვადასხვა დროს, გიორგი მაღალაშვილმა 5 მეტად მიმზიდველი და მომგებიანი საინვესტიციო პროექტი დაამუშავა. აღსანიშნავია, რომ ორ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11