„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

14-06-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მიხეილ გვენეტაძე, რომელიც კომპანია RMG-ის 2020 წლის აღმოჩენა გახდა, დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია და ბურღვა-მექანიზაციის მიმართულებით საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წელს ჩავაბარე, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. რატომ ავირჩიე ეს პროფესია?! მეცხრე კლასელმა ინტერნეტში შემთხვევით ვნახე ვიდეორგოლი, რომელიც ნავთობმოპოვებას ეხებოდა. იმდენად დავინტერესდი, რომ მოვიძიე ინფორმაცია, სად შეიძლებოდა ამ პროფესიას დავუფლებოდი. აღმოჩნდა, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა. სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსზე კომპანია RMG-ის სტიპენდიანტი გავხდი, 5 თვის მანძილზე კომპანიაში სტაჟირება გავიარე და ჩავერთე კიდეც RMG-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, „ინდივიდუალური განვითარების გეგმის“ შესარჩევ ტურში. ეს პროექტი მიზნად ისახავს კომპეტენციის განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას, თეორიულ სწავლებებს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სატრენინგო დაწესებულებებში, პრაქტიკულ სწავლებებს კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსა და პარტნიორ საწარმოებში, უცხოური ენებისა და მენეჯერული უნარების განვითარებას. ღია კონკურსის წესით, საბოლოო ეტაპზე გადასული 12 კანდიდატიდან, მენეჯმენტთან გასაუბრების საფუძველძე, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც ამ პროექტის მონაწილეები გახდნენ. მათგან ერთ-ერთი მეც ვიყავი“, - აცხადებს მიხეილ გვენეტაძე.

როგორც სტუ-ის მაგისტრანტი განმარტავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, როგორც წესი, პროფესიისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მიმართულებების შესაბამისად უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ეუფლებიან.

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ასაფეთქებელი სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპებსა და ბურღვის ტექნოლოგიებს პრაქტიკაში გავდივართ ტექნიკური უნივერსიტეტის უნიკალურ სასწავლო შახტი-ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორია თავისი მასშტაბებით უანალოგოა, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში და სამთო სამუშაოების მთელი კომპლექსის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. რაც მთავარია, შახტი-ლაბორატორია სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობას მოიცავს. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიული მომზადების, ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების მართვის უნარ-ჩვევების ასათვისებლად. გარდა ამისა, სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობები გვიტარდება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის მოპოვების ლაბორატორიაში. უნივერსიტეტში, ასევე, ფუნქციონირებს „ჭაბურღილის მოქმედი მაკეტი“, სადაც სასწავლო პრაქტიკა ჭაბურღილებისა და ბურღვის მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნავს მიხეილ გვენეტაძე.

მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საწარმოო თუ საველე პრაქტიკა და სტაჟირებები სხვადასხვა სამთო-გეოლოგიური პროფილის კომპანიებში, კარიერებზე და საზაფხულო სკოლებში გაიარონ.

„გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლო კურსებს მაღალი დონის სპეციალისტები უძღვებიან. სწორედ მათ მომცეს ძირითადი ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება. ჩვენი პროფესია საკმაოდ რთული და ამის გამო - ნაკლებად მოთხოვნადია, მაგრამ ვინც ამ პროფესიას ირჩევს, მას არც სირთულე აშინებს და წარმატებასაც მიაღწევს“, - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი.


 

სიახლეებში დაბრუნება