საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

09-06-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ (SDSU-G), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პერსპექტივები და მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო ABET-აკრედიტაციას,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ აკადემიური პროგრამების განვითარებას, რომლებიც საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მისაღებად უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი. მხარეებმა განიხილეს SDSU-ს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანერგვის პერსპექტივები და ამ მიზნით შექმნილი კომიტეტის (SDSU to GTU Programs Transition Committee) მიერ გაწეული სამუშაო და მიღწეული შედეგები.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე ამაღლება, რაც ახლო მომავალში დასრულდება, უნივერსიტეტში ABET აკრედიტებული დიპლომების დანერგვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-აკრედიტაციის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც მუდმივად იმუშავებს ABET-ის საკითხებსა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფაზე.

საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რაც თავისთავად, გულისხმობს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებში, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებული უმაღლესი საერთაშორისო პრაქტიკის, უახლესი სტრატეგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას. ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრად მართვას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.  

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადელა დე ლა ტორემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან  თანამშრომლობა დადებითად შეაფასა, გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და რექტორი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია. მან თავადაც სურვილი გამოთქვა, კვლავ ჩამოვიდეს საქართველოში ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსადმთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, SDSU-ის პრეზიდენტი, დოქტორი ადელა დე ლა ტორე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს  წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

სიახლეებში დაბრუნება