მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო

27-05-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ტერიტორიის გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და UNESCO-ს ნებართვით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გახსნილ ახალ ბაღში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სახელობითი ვარდები და ედელვაისები დარგეს. მათ სვეტიცხოვლის მამათა მონასტერის იღუმენმა, არქიმანდრიტმა მამა ილიამ (კავსაძე) უმასპინძლა.

ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ტერიტორიის გამწვანების მასშტაბური ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო” ორგანიზებით 1 აპრილს დაიწყო.

აღნიშნული პროექტი, ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო” აღმასრულებელი მდივნის გოჩა არონიშიძის ხელმძღვანელობით და სხვადასხვა დარგის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მონაწილეობით, 4 წლის განმავლობაში მზადდებოდა და UNESCO-ს ნებართვით ხორციელდება.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, 20 აპრილს, ზეთის ხილისა და უთხოვარის ხეები დარგო. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11