საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2021



ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო,

დღეს 26 მაისია - უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული! პროგრესისა და თავისუფლებისკენ ჩვენი სწრაფვის, ჩვენი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის არჩევანი უკვე 103 წელს ითვლის.

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ სრულიად საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ვისაც გული ქვეყნის სასიკეთოდ უძგერს!

26 მაისი, დიახაც რომ, ტკივილიანი სიხარულის დღეა: სიხარული – დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი – იმ დიდებული ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, განვითარებისკენ განუხრელ სვლას. საქართველოს ახალ თაობებს შეუძლიათ იამაყონ ჩვენი წინაპრებით - მათი სისხლი ამაოდ არ დაღვრილა და არც ქართველ ხალხს შეუწყვიტავს ბრძოლა სანუკვარი მიზნის მისაღწევად. 30 წლის წინ კი, უდიდეს ისტორიულ მომენტს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ქართველმა ერმა ერთხმად დაუჭირა მხარი და ქართული დროშის ქვეშ დამოუკიდებელი საქართველო გააერთიანა.

სიმბოლურია, რომ დღეს მშობლიურ მიწას მივაბარებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს. მისი ცხოვრების გზა სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის ნათელი მაგალითია.

საქართველოს განვითარებისა და აღმავლობის გზაზე ჩვენი ასწლოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი საინჟინრო სკოლისა და მისი პროფესორ-მასწავლებლების მთავარი მისია საქართველოს ღირსეული მომავლის, წარმატებული სპეციალისტების აღზრდაა. ჩვენ, მომავალ თაობებთან ერთად, ბოლომდე უნდა მივჰყვეთ დაწყებულ საქმეს, ერთად ვაშენოთ საქართველოს მომავალი - ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, განვითარებული და მაღალი დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.

 

#ესდღეჩვენია

გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს!

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი


 

სიახლეებში დაბრუნება