საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

24-05-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და სამების საკათედრო ტაძარში მისი ნეშტი გვირგვინით შეამკეს.

დიდი ქართველი მამულიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მაღალყოვლადუსამღვდლოესმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) გადაიხადა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ეროვნული გმირის ცხედრის რეპატრიაცია ისტორიული მოვლენაა მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით, მომავალი თაობებისთვის.

„მისი ცხოვრება მაგალითია თავგანწირვისა და სულის გაუტეხლობისა. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენი მომავალი თაობები ყოველთვის შეძლებენ მთაწმინდის პანთეონში გენერალ კვინიტაძის საფლავზე მისვლასა და პატივის მიგებას, სიამაყით აღვსილნი მოიგონებენ მის ფასდაუდებელ ღვაწლსა და არაერთ გმირობას, გაითავისებენ, თუ რა რწმენით ემსახურებოდა გენერალი გიორგი კვინიტაძე სამშობლოს, რამდენად შეურიგებელი იყო მისი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.   

საქართველოს ეროვნულ გმირს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს. 

 

სიახლეებში დაბრუნება