საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

24-05-2021



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები" გაიხსნა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსებიდან 50 წლისთავსა და მისი დამფუძნებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ონლაინ რეჟიმში იუნესკოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის გეგმით განხორციელდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დამსახურებასა და ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი რექტორობის პერიოდს, ასევე, საფრანგეთსა და ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა თუ UNESCO-ს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებზე მის მოღვაწეობას უკავშირდება. დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გოჩა ჩოგოვაძის მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის დაარსებასა და მის მნიშვენელობაზე.

„50 წლის წინ, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის“ ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა გოჩა ჩოგოვაძემ ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი და დაიწყო მუშაობა მსოფლიოში აქტუალური სამეცნიერო მიმართულების - „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ კათედრის შესაქმნელად. ასეთი კათედრები, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მხოლოდ მოსკოვსა და კიევში მოქმედებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისმა ინოვაციურმა კონცეფციამ გაიმარჯვა და 1971 წლის 20 მაისს, ჩვენი უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, პროფესორმა იოსებ ბუაჩიძემ ახალი კათედრის დაარსებას მოაწერა ხელი. გოჩა ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით, ეს კათედრა იმდენად გაძლიერდა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის არეალი გახდა. სამეცნიერო პროცესები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც რექტორმა ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გონიერი „ინფორმაციული საზოგადოების“ ფორმირებას, რაც პირდაპირ აისახება განათლების, ეკონომიკის, ბიზნესისა და სხვა სასიცოცხლო დარგების მდგრად განვითარებაზე. მისი თქმით, სწორედ აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე იყო პირველი, რომელმაც 2003 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იუნესკოს კათედრა - „ინფორმაციული საზოგადოება“ დაარსა.

„მეცნიერების ეს მიმართულება - Information Society, თავისი საგანმანათლებლო პროგრამებით, 21-საუკუნის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების მეცნიერებებს პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოების განვითარებისთან. რაც უფრო მაღალია საზოგადოების ინფორმატიზაციის დონე, მით უფრო სრულყოფილია მისი მენტალიტეტი, მით უფრო მყისიერად ადაპტირდება ჩვენს სწრაფადცვლად გარემოში. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ეს პროცესები გაცილებით ნათელი გახდა კაცობრიობისთვის. ამასთან ერთად, კომპიუტერული ტექნოლოგიები დღევანდელი გარემოს აქტიური კომპონენტებია. შესაბამისად, მათი ცოდნა განმსაზღვრელია დასაქმების პროცესში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნასა და სექციების მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, პროფესორები: კიშორ ტრივედი - დუკის უნივერსიტეტი (აშშ); კლაუს მეიერ-ვეგენერი - ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი (გერმანია); კლაუს ბოტჰე - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია); ჰერბერტ ზონტაგი - ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია); რაფაელ გუსმან ტირადო - გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი); ანტონ პანკრატიევი - ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი); აკადემიკოსი ბორის ფომინი - სანკტ-პეტერბურგის ინოვაციათა ტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრი (რუსეთი); ალეკპერ ალიევი - ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი); რექტორი ქამალ აბდულაევი - ენების უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი); იანოშ სცტრიქი - დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ირჟი კლაპკა - პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი); ვლადიმერ მესიურა - ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა); გრაჩი ასცატრიანი - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემია; ჟან პიერ მასიუე - მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (საფრანგეთი); დოქტ. ბესარიონ ჩიხრაძე - კორპორაცია Apple (კალიფორნია) და სხვები.


 

სიახლეებში დაბრუნება