მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

18-05-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) რიგით 25-ე საერთაშორისო კონფერენციაში - Computing in High-Energy and Nuclear Physics (CHEP 2021) იღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საერთაშორისო კონფერენცია CHEP 2021 (https://indico.cern.ch/event/948465/), რომლის სამეცნიერო თემატიკაა „გამოთვლები ბირთვულ და მაღალი ენერგიების ფიზიკაში“, CERN-ში მიმდინარე წლის 17-21 მაისს იმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილის სტატუსით 1000-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარია დარეგისტრირებული. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, წლევანდელ საერთაშორისო კონფერენციას CERN-ი ონლაინ ფორმატში ატარებს.

20 მაისს, „Education, Training, Outreach“ სექციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სწავლების სხვადასხვა საფეხურის 3 სტუდენტი. ისინი, მონაწილეთა რანგში, კონფერენციაზე წარადგენენ „ATLAS-ის დეტექტორის ვიზუალურ-შემეცნებით აპლიკაციებს“, რომელთა შემუშავება სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ CERN-ის რიგით 25-ე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილის სტატუსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის სტუდენტ-თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ მოიპოვეს. კერძოდ კი, მათ მიერ წარდგენილმა სამეცნიერო სტატიამ წარმატებით გაიარა ATLAS-ის საგამომცემლო კომიტეტის (ATLAS OutreachPubCom) და შემდგომ CERN-ის საგამომცემლო კომიტეტის (CERN OutreachPubCom) შემოწმება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11