საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქპატენტმა, საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქპატენტმა, საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

27-04-2021


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (საქპატენტი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ორმხრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მემორანდუმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის ხელმომწერი მხარეები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის იზრუნებენ.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, რაც თავის მხრივ, საგამომგონებლო საქმიანობასა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის პროცესს განავითარებს.

 

„ჩვენთვის საამაყოა, რომ საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი სამეცნიერო მიღწევებისა და გამოგონებების მხრივ ერთ-ერთი ფლაგმანია. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ჩვენი მეცნიერები წარმატებით საქმიანობენ და არაერთი მსოფლიო დონის გამოგონების ავტორები არიან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. იმედი მაქვს, სამომავლოდ, ჩვენს უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის ურთიერთობა გაღრმავდება, რაც ჩვენს მეცნიერებს დამატებით გარანტიას მისცემს, რომ მათი გამოგონებების ინტეგრირება წარმატებით განხორციელდება პირველ რიგში ეროვნულ, შემდეგ კი - საერთაშორისო სივრცეში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, სამუშაო შეხვედრების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზება; გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-პრაქტიკული თუ დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატურის შემუშავება-გამოცემა მოხდება.


 

სიახლეებში დაბრუნება