საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

22-04-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ღია სესიაზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რექტორი პროფესორი მარტა კოსიორ-კაზბერუკი უძღვებოდა. საპატიო პროფესორის წოდების მინიჭების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პატივსაცემად, ცერემონიაზე მიწვეულმა კაპელამ ქართულ ენაზე „სულიკო“ შეასრულა.

 

„ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში სამეცნიერო სამყაროს 11 წარმომადგენელს მიენიჭა ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. დღეს მათ კიდევ სამი გამოჩენილი წარმომადგენელი შეუერთდა. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოხარული ვარ, რომ დღეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ეს საპატიო წოდება მიენიჭა“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა მარტა კოსიორ-კაზბერუკმა.

 

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, საპატიო პროფესორის წოდების მინიჭებისთვის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორსა და ღია სესიას მადლობა გადაუხადა და 100-წლოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და მიმდინარე პროცესები გააცნო.


 

სიახლეებში დაბრუნება