„საქპატენტი“ სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ზოგად კურსს სთავაზობს

„საქპატენტი“ სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ზოგად კურსს სთავაზობს

22-04-2021

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ - DL-101GE.

აღნიშნული კურსი სრულიად უფასოა, საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

გარდა ამისა, კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს. კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.

საქპატენტი მუდმივად ცდილობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებას, ასევე ხელს უწყობს დარგში უფრო მეტი პროფესიონალის ჩამოყალიბებას.

კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ

ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge (განყოფილება: სასწავლო ცენტრი, საკონტაქტო პირი: ანა დალაქიშვილი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ: 599 115 810).

კურსზე რეგისტრაცია 2021 წლის 29 აპრილს დასრულდება .


 

სიახლეებში დაბრუნება