Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლების მიზნით სტუ-ში

Erasmus+ - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლების მიზნით სტუ-ში

16-04-2021


12-16 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) წარმომადგენლები: პროფ. აიჰან ეროლი (Ayhan Erol) (ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი) და ასოც. პროფ. აჰმეტ იონეტკენი (Ahmet Yönetken) (ელექტროინჟინერიის დეპარტამენტი). ასევე, სამუშაო ვიზიტით ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა თურქული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ვიცე-დირექტორი, ქალბატონი გიუნურ პეშმენი (Gunnur Peşmen).


აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თურქულ უნივერსიტეტთან სტუ 2015 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.

თურქმა კოლეგებმა სტუ-ში სწავლების მიზნით Erasmus+ მობილობა განახორციელეს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე.

კოორდინატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  დეკანი, პროფ. ნუგზარ წერეთელი და პროფესორ-მასწავლებლები. თურქული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე  ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. მათ, ასევე, ვრცლად ისაუბრეს საკუთარ უნივერსიტეტზე და იმ კვლევით პროექტებზე, რომლებსაც ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს.

შეხვედრაზე განხილული იქნა ფაკულტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, დაისახა გეგმა ერთობლივი საპროექტო წინადადებების მოსამზადებლად.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორების თამარ ლოლაძისა და დავით ნოზაძის ორგანიზებით, თურქმა სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, მათ შორის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. დავით ნოზაძემ თურქ კოლეგებს გააცნო პროექტები, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო ცენტრი.

თურქმა პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, ონლაინლექცია ჩაატარეს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. ლექციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლენა შატაკიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჭკვიანი ელექტროსისტემა; ელექტროენერგიის განაწილება დაკავშირებულ ქსელში და განახლებადი ენერგიის წყაროები.

ლექციის ბოლო წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და თურქმა პროფესორებმა უპასუხეს ფაკულტეტის ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესურის მხრიდან დასმულ მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

ონლაინშეხვედრაზე თურქმა სტუმრებმა, ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაცია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ და ქართველ კოლეგებს გააცნეს იქ მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროცესები, ისაუბრეს თურქეთის უმაღლესი განათლების სისტემაზეც და პანდემიის პირობებში წარმოქმნილ ახალ გამოწვევებზე.

დიდი ინტერესი გამოიწვია ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობების განხილვამაც და თურქებმა  ქართველ კოლეგებს შესთავაზეს მონაწილეობის მიღება აგვისტოში დაგეგმილ V საერთაშოირისო კონფერენციაში საინჟინრო ტექნოლოგიებისა და გამოყენებით მეცნიერებების კონგრესთან დაკავშირებით (ICETAS 2021), სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ჯემალ ბერიძე თურქ კოლეგებს მშობლიურ ენაზე ესაუბრა, რამაც სამუშაო შეხვედრას განსაკუთრებული პოზიტივი შეჰმატა და აღფრთოვანება გამოიწვია სტუმრებში.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. თურქ კოლეგებს შეხვდნენ რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების, PR და მეცნიერების მიმართულებით, დევი ხვედელიანი; პროფ. დავით ნატროშვილი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სამსახურის წარმომაგენლები: უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი მარიკა ზვიადაძე; უცხოელი მოქალაქეების ჩარიცხვის პროცედურების კოორდინატორი, ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე; უფროსის თანაშემწე მარგალიტა სეროპიანი და სხვები.

სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა მიმდინარე ერთობლივი პროექტის დეტალები სტუდენტებისა და თანამშრომლების მობილობებთან დაკავშირებით და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები.

მობილობის ფარგლებში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით გათვალისწინებული იქნა კულტურული ღონისძიებებიც, სადაც თურქ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.



 

სიახლეებში დაბრუნება