მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

აკადემიკოსი გივი ცინცაძე

აკადემიკოსი გივი ცინცაძე

12-04-2021



ქართულ მეცნიერებას გამოაკლდა ღირსეული პიროვნება და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელი და მეცნიერების ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ცინცაძე.

გივი ცინცაძე ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელმაც გასული საუკუნის 50-იან წლებში გაბედულად შემოაბიჯა ქვეყნის სამეცნიერო-პედაგოგიურ ასპარეზზე და მას შემდეგ ათეული წლები თავდადებით იღწვოდა მეცნიერების წინსვლისა და განვითარებისათვის, მაღალი პროფესიონალური კომპეტენციის მქონე საინჟინრო კადრების აღზრდისა და ჩამოყალიბებისათვის.

   აკადემიკოს გივი ცინცაძის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, მისი საერთაშორისო სამეცნიერო ავტორიტეტი, საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება და პატივისცემა ქვეყნისათვის გაწეული თავდადებული ღვაწლის ჭეშმარიტი დადასტურებაა.

გივი ცინცაძე დაიბადა 1933 წლის 18 აპრილს ქ. თბილისში პედაგოგების ოჯახში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა გეოქიმიისა და კრისტალოქიმიის დარგში. ამ წლებში აზერბეიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ხ.მამედოვისა და გ.ცინცაძის მეცნიერულმა თანამშრომლობამ სათავე დაუდო ქართველ და აზერბაიჯანელ ქიმიკოსთა ახალ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დღემდე წარმატებით ნარჩუნდება.

1960 წელს გ. ცინცაძე ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) ასპირანტურაში. ერთი წლის შემდეგ, ასპირანტურის კურსის გასაგრძელებლად, გაიგზავნა მოსკოვში, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის კრისტალოქიმიის ლაბორატორიაში, სადაც აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორის, პროფესორ მ. პორაი-კოშიცის ხელმძღვანელობით დაასრულა მუშაობა საკანდიდატო დისერტაციაზე კოორდინაციული ნაერთების კრისტალოქიმიის დარგში და წარმატებით დაიცვა იგი 1965 წელს.

   ასპირანტურის წლებში გ. ცინცაძემ შემოქმედებითად შეათავსა თავისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ფიზიკის ნოგინსკის ფილიალის გამოთვლით ცენტრებში მიმდინარე სამუშაოებთან და უშუალოდ მონაწილეობდა დიდგაბარიტიანი ეგმ-ის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში - თანამედროვე მათემატიკური მეთოდების დანერგვა რენტგენოსტრუქტურულ ანალიზში, რაც წარმატებით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ცენტრებში.

1965 წლიდან დაწყებული, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, გ. ცინცაძე, მეცნიერ მუშაკთა ჯგუფთან ერთად, შეუდგა ფართო შემოქმედებით სამეცნიერო კვლევით საქმიანობას – მის მიერ შექმნილი კრისტალოქიმიისა და რენტგენო-სტრუქტურული ანალიზისა და ბიოარაორგანული ქიმიის ლაბორატორიებში ლითონების არაორგანული და კოორდინაციული ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების სინთეზისა და აღნაგობის პრობლემაზე.

1968 წელს გ.ცინცაძე სადოქტორო დისერტაციის დასამთავრებლად მიავლინეს ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრაზე, სადაც მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები დაამყარა კოორდინაციული ქიმიის დარგის გამოჩენილ მეცნიერებთან – პროფესორ ა.გოლუბსა და პროფესორ ვ. სკოპენკოსთან. ამ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა უკრაინელი და ქართველი ქიმიკოსების ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს.

1971 წლის თებერვალში გივი ცინცაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა”.

უაღრესად ფართო და მასშტაბურია გ. ცინცაძის მეცნიერული მოღვაწეობის დიაპაზონი. მისმა სამეცნიერო შრომებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. გ. ცინცაძის სამეცნიერო კვლევის შედეგები მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაშია შესული და ფართოდაა ციტირებული როგორც სამამულო, ასევე საზღვარგარეთის გამოცემებში. ეს შრომები დიდ ინტერესს იწვევს ქიმიის, ქიმიური მრეწველობის, ტექნიკის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების ფართო წრეებში, რადგან მეცნიერის მოღვაწეობა ვრცელდება არა მარტო ფუნდამენტური კვლევის დარგზე, არამედ იგი გამოყენებით-პრაქტიკულ ხასიათსაც ატარებს.

პროფესორ გ. ცინცაძისა და მისი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ბაზაზე შეიქმნა თანამედროვე კოორდინაციული ქიმიის არსებითად ახალი დარგი – ლითონების ფსევდოჰალოგენიდური კომპლექსების ქიმია, თანაც სრულიად განსხვავებულ ასპექტებში: სინთეზური ქიმია, სპექტროქიმია, სტრუქტურული ქიმია, კრისტალური სტრუქტურების შესწავლისა და კვანტურქიმიური გამოკვლევების ჩათვლით, ლითონების ფსევდოჰალოგენიდური კომპლექსების გამოყენებითი ქიმია.

თეორიული გამოკვლევებიდან ყველაზე მეტად შთამბეჭდავია გამოკვლევები ბიოარაორგანული ქიმიის დარგში. მიკროელემენტების და სამკურნალო ნივთიერებების საფუძველზე ახალი ბიოკომპლექსების სინთეზმა, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და ელექტრონული სტრუქტურების შესწავლამ საიმედო ფუნდამენტი შეუქმნა ბიოლოგიური აქტივობის მექანიზმის გაგებას, საფუძვლად დაედო ბიოლოგიურად აქტიური ბიოარაორგანული კომპლექსების მიზანმიმართულ სინთეზს. გ. ცინცაძის ინიციატივით შექმნილმა ამ მიმართულებებმა – ნაერთების სინთეზმა, სპექტრულმა, მაგნეტოქიმიურმა, სტრუქტურულმა და სხვა თანამედროვე გამოკვლევებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალ სამეცნიერო ცენტრში (თბილისი, მოსკოვი, ბაქო, კიშინიოვი, დონის-როსტოვი, მინსკი, ტაშკენტი და სხვ.).

გ. ცინცაძის მიერ თანაავტორებთან ერთად გამოცემულ მონოგრაფიებში - “ლითონების კოორდინაციული ნაერთები ფორმამიდთან” (1980), “ლითონების კოორდინაციული ნაერთები ეთილენშარდოვანასთან და ბიციკლურ ბისშარდოვანებთან” (1993) და “ლითონების კოორდინაციული ნაერთები ტუბაზიდთან და ლარუსანთან” (1998) – ამომწურავადაა გაშუქებული კომპლექსწარმოქმნის უნარსა (კონკურენტულ კოორდინაციასა) და ლიგანდების ბიოლოგიურ აქტივობას შორის კავშირი, რომელიც, ამასთანავე, კორელირებულია წარმოქმნილ თერაპიულ ეფექტთან.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გ. ცინცაძის და მისი სამეცნიერო სკოლის წვლილი ხისტი-რბილი მჟავებისა და ფუძეების კონცეფციის განვითარებაში. როსტოველ მეცნიერთა კოლექტივის მიერ ერთობლივად გამოცემულმა მონოგრაფიამ – “ხისტი-რბილი ურთიერთქმედებები კოორდინაციულ ქიმიაში” (დონის-როსტოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986) თვისებრივად ახალ საფეხურზე წამოსწია რ. პირსონის მიერ ჯერ კიდევ 1963 წ. ჩამოყალიბებული კონცეფცია ხისტი და რბილი მჟავების და ფუძეების შესახებ.

გ. ცინცაძის შრომებში განვითარებული შედეგებით ხისტი და რბილი ფუძეების და მჟავების კონცეფცია ფრიად სასარგებლო აღმოჩნდა ზეკომპლექსების პროგნოზირებადი სინთეზისათვის, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ღარიბი მადნებიდან იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ამოღებას და ეკონომიკურად მიზანშეწონილია. გარდა ამისა, ზეკომპლექსწარმოქმნა ფრიად პერსპექტიულია მედიცინის დარგისთვისაც, ორგანიზმიდან ტოქსიკური ელემენტების მოსაცილებლად.

გ. ცინცაძის ხელმძღვანელობით მიიღებულია ლანთანოიდების კომპლექსები ბენზოილჰიდრაზინთან, ორთო-, მეტა- და პარა ბენზოილჰიდრაზინთან, პირიდინკარბონმჟავას ჰიდრაზიდებთან, გამოვლენილი იყო იმ ლანთანოიდების ბიოლოგიური აქტივობა, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ბიოლოგიურად არააქტიურად ითვლებოდა. დიდი კოორდინაციული ტევადობის გამო, ლანთანოიდები ქმნის კომპლექსებს უმდიდრესი გეომეტრიული მრავალგვარობით, რომლის გაშიფრვა ფრიად პრობლემური და რთულია, მაგრამ გ. ცინცაძემ წარმატებით გადალახა ეს ბარიერი.

კოორდინაციული ქიმიის სფეროში შესრულებული ნაშრომების ციკლისათვის _ ’’ფსევდოჰალოგენიდების ქიმია’’, გ. ცინცაძემ უკრაინელ და გერმანელ მეცნიერებთან ერთად უკრაინის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა, აღნიშნული წიგნი 1990 წელს გამოსცა საერთაშორისო გამომცემლობამ “ELSAVIERM”-მა სახელწოდებით “Chemistry of Pseuduhalides”, monograph 21 (ამსტერდამი, ოქსფორდი, ნიუ-ორკი, ტოკიო). მის მიერ უკრაინელ ავტორებთან ერთად მომზადდა და ქართულ ენაზე გამოიცა ფუნდამენტური, კლასიკური სახელმძღვანელო “კოორდინაციული ქიმია”. ხოლო 1998 წელს თანამშრომლებთან ერთად ნაშრომების ციკლისათვის “ლითონების კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი, აღნაგობა, თვისება” _ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

გივი ცინცაძე დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს. იგი მონაწილეობდა სტიბიუმის სულფიდის მიღების ტექნოლოგიის დამუშავებასა და ამ ტექნოლოგიის რაჭის სამთოქიმიურ ქარხანაში დანერგვაში.

გ. ცინცაძემ დაამუშავა მადნეულის საბადოს მადანში ოქროსა და პალადიუმის განსაზღვრის მოდიფიცირებული მეთოდიკა. აქვე უნდა აღინიშნოს მისი შრომები ინდიუმისა და კადმიუმის სორბციული ქცევის შესახებ სამამულო ანიონიტების როდანიდულ ფორმებზე. ამ გამოკვლევების შედეგად შესაძლებელი გახდა წინაპირობები შექმნილიყო რიგი იშვიათი ლითონების დაყოფისა და გამოყენებისათვის.

გ.ცინცაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია მრავალ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთა შორის 25 მონოგრაფია, 45 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო და 17 საავტორო მოწმობაა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. ცინცაძის დაუღალავი შრომა ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში. მის მიერ აღზრდილია სამოცდაათზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებში (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, მოლდავეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, აშშ, გერმანია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი).

წლების მანძილზე იგი იყო არაერთი სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელი და წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი და პროფესორთა საბჭოების წევრი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და ყრილობის ორგანიზატორი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

ფართომასშტაბიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად, გ. ცინცაძე ნაყოფიერ სასწავლო - პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1965 წლიდან იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა. აქ გაიარა მან გზა ასისტენტიდან პროფესორის მაღალ თანამდებობამდე. 1971 წელს გ. ცინცაძე სათავეში ჩაუდგა ანალიზური ქიმიის კათედრას, ხოლო 1973 წელს ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრას.

ამ პერიოდში მისი ავტორობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა სახელმძღვანელოები და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა ზოგად და არაორგანულ ქიმიაში სამშენებლო, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ჰიდროტექნიკის, მეტალურგიული და სხვა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. გ. ცინცაძის მონოგრაფიები ქიმიური პროფილის სტუდენტთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. ცინცაძის მოღვაწეობა ქიმიაში საშუალო სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შესაქმნელად. მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით დაიწერა ქიმიის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლის VII-XI კლასებისათვის, აგრეთვე, ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული VII-XI კლასებისათვის, რომლებიც რამდენჯერმე გამოიცა.

დაუღალავად იღწვოდა აკადემიკოსი გ. ცინცაძე, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ.მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსური ნაერთების ქიმიის ლაბორატორიის გამგე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის გამგე.

მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის გ. ცინცაძე 1983 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს ნამდვილ წევრად. იყო საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილებისაკადემიკოს მდივანი, ბიუროს წევრი, “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს (ქიმიის სერია)”, აგრეთვე “საქართველოს ქიმიური ჟურნალის”, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომების კრებულისა” და ჟურნალ “მეცნიერება და ტექნოლოგიების” სარედაქციო კოლეგიების წევრი, საქართველოს ქიმიური საზოგადოების დამფუძნებელი.

იგი იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლის, გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელი, დაჯილდოებულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ვერცხლის მედლით, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით “მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის”. მიღწევებისა და რეგალიების ეს არასრული ჩამონათვალი მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის მნიშვნელობის აღიარების დასტურია.

ბრძენი კაცის მიერ ნათქვამია, „ლეგენდად რომ იქცე, გენიოსობა საკმარისი არ არის, უნდა გარდაიცვალო“, აკადემიკოსი გივი ცინცაძე ლეგენდად იქცა.

 

 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11