მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ნოდარ ხარატიშვილის ხსოვნას

ნოდარ ხარატიშვილის ხსოვნას

10-04-2021



პროფესორი ნოდარ ხარატიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დამაარსებელი, საქართველოს ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მკვლევართა და სპეციალისტთა მრავალი ღირსეული თაობის აღმზრდელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოდარ ხარატიშვილი იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდიუმის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი. აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა ნოდარ ხარატიშვილი 1998 წლის გამოჩენილ მოღვაწედ დაასახელა. ამავე წლის ნიუ-იორკის ცნობილ გამოცემაში - „მსოფლიოს აღიარებული ლიდერები“ - შეტანილია ნოდარ ხარატიშვილის დამსახურებები და ბიოგრაფიული ცნობები.

სხვადასხვა დროს ნოდარ ხარატიშვილი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის „სტატისტიკური რადიოფიზიკის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი, ფერადი ტელევიზიის სფეროში სსრკ-საფრანგეთის შერეული კომისიის წევრი, გაეროს კოსმოსური კავშირგაბმულობის საერთაშორისო სკოლა-სემინარის ხელმძღვანელის მოადგილე, საფრანგეთის გამოყენებითი მეცნიერების ნაციონალური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი კომისიის წევრი და სხვ.

სწორედ ნოდარ ხარატიშვილმა ჩაუყარა მეცნიერული საფუძველი ტელეკომუნიკაციის ქართულ სამეცნიერო სკოლას, სადაც მიმდინარეობდა კვლევები გამოსახულების ციფრული კოდირებისა და დამუშავების სიტემების, როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი თაოსნობით შექმნილმა უნიკალურმა აპარატურამ, 1985 წელს, ქ. დუბნაში, „ინტერკოსმოსის“ პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტში ურთულესი ტესტირება გაიარა და ყოფილი საბჭოეთის ისტორიაში პირველად, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრით სამაუწყებლო ფერადი ტელევიზიის სიგნალი ციფრული ფორმით გადაიცა. ნოდარ ხარატიშვილის ეს სამეცნიერო მიღწევა შემდგომში არაერთხელ გახდა სხვა სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების შექმნის საფუძველი.

ნოდარ ხარატიშვილი 1937 წლის 27 ივლისს დაიბადა ცნობილი გეოლოგის, სანკტ-პეტერბურგის მეცნიერთა ქართული სკოლის წარმომადგენლის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ გიორგი ხარატიშვილის ოჯახში. 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „მათემატიკური და საანგარიშო გამომთვლელი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების“ სპეციალობა, 1964 წელს კი - ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1985 წელს, ნოდარ ხარატიშვილი ტელეკომუნიკაციის დარგში პირველი ქართველი დოქტორი გახდა - მან მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაცია ციფრული ტელევიზიის მიმართულებით დაიცვა. იმდროინდელმა სადისერტაციო საბჭომ და სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიამ მისი სადოქტორო ნაშრომი წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომად აღიარა.

ნოდარ ხარატიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა კავშირგაბმულობის (ტელეკომუნიკაციის) დარგის განვითარებას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. 1970 წელს, ნოდარ ხარატიშვილმა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსა მრავალარხიანი ელეტროკავშირგაბმულობის კათედრა, რომელსაც 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამავე კათედრის ბაზაზე, 1972 წელს, ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას მან დიდი ენერგია შეალია; გარდა ამისა, შექმნა ამავე კათედრასთან არსებული საკავშირო დაქვემდებარების ციფრული სიგნალების გადაცემის დარგობრივი ლაბორატორია, რაც ნოდარ ხარატიშვილის სკოლის დიდ აღიარებაზე მიუთითებდა. ლაბორატორიის ბაზაზე, სხვადასხვა დროს, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სემინარი და სიმპოზიუმი (1977, 1980, 1983, 1989) ჩატარდა.

1988 წელს, პირველად ამიერკავკასიის რეგიონში, ნოდარ ხარატიშვილმა შექმნა სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სპეციალიზებული საბჭო, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის დარგის ასეთივე საბჭოს ხელმძღვანელობდა.

1990-1992 წლებში, ნოდარ ხარატიშვილს სამეცნიერო დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა ეკავა. 1991 წელს კი, მისი უშუალო ინიციატივით, სტუ-ის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი სექტორი ამოქმედდა. როგორც აღიარებული მეცნიერი, ის მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მრავალ ნაციონალურ თუ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმს (საქართველო, აშშ, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია და ა.შ), ევროპის, ამერიკისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, გაეროს ეგიდით, მიწვევით კითხულობდა სალექციო კურსებს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ნოდარ ხარატიშვილის სამეცნიერო და საზოგადო მოღვასწეობასთან ერთად, შეუძლებელია არ აღინიშნოს მისი შრომისუნარიანობა, სისხლსავსე ცხოვრება, სიახლისადმი მუდმივი სწრაფვა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველთვის ემახსოვრებათ მისი ინიციატივით, სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, ბაკურიანსა და გუდაურში გამართული სამეცნიერო სემინარები, რითაც ხელს უწყობდა თანამშრომელთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, შემოქმედებითი და სამეცნიერო იმპულსების გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებას.

ნოდარ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა 31-ზე მეტი სადისერტაციო ნაშრომი, მათ შორის: 4 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, 25 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, 2 ფილოსოფიის დოქტორის; მისი ავტორობით, საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოიცა 240-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 5 მონოგრაფია; ფლობს გამოგონებაზე 28 საავტორო მოწმობას (პატენტი). განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართულ ენაზე სასწავლო ლიტერატურის შემნაში.

1986 წელს, ნოდარ ხარატიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებულ სამეცნიერო ნამუშევართა ციკლისთვის, ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს მიენიჭა „საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია“ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომი კი საკავშირო კონკურსის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1992-1998 წლებში ნოდარ ხარატიშვილი იყო საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის პირველი მოადგილე. მისი უშუალო მონაწილეობით, საქართველო კავშირგაბმულობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და საერთაშორისო სატელეფონო კოდი (995) მიენიჭა; გარდა ამისა, საქართველო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ორგანიზაციებში - „იუტელსატი“ და „ინტერსპუტნიკი“ გაწევრიანდა.

როგორც ბატონი ნოდარი ამბობდა, სიცოცხლის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ადრენალინი, ყოველთვის უნდა გქონდეს მიზანი, ხოლო როდესაც მის შესრულებას მიუახლოვდები, პარალელურად, უკვე უნდა გაგაჩნდეს ახალი დასახული მიზანი. მას მუდამ ახასიათებდა ახლის ძიების იშვიათი უნარი, ბავშვობის დროინდელი ოცნება კი 72 წლის ასაკში აისრულა - აშშ-ის საფრენოსნო სკოლა დაამთავრა, მფრინავის ლიცენზიას აიღო და დამატებით, ატლანტის ოკეანზე ორძრავიანი თვითმფრინავით გადაფრენის ლიცენზიაც მოიპოვა. ამის შემდეგ ნოდარ ხარატიშვილმა, მფრინავის რანგში, შთამბჭდავი მარშრუტი შეასრულა: შტატი ჯორჯია (აშშ) - კანადა - გრენლანდია - ისლანდია - შოტლანდია - დანია - პოლონეთი - უკრაინა - საქართველო.

ნოდარ ხარატიშვილი წარმატებული და ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან, თუმცა მრავალი მიზანი და ოცნება დარჩა აუსრულებელი.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11