საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

09-04-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტუ-ის პროფესორმა, უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ეროვნული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„32 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკული მოვლენებისგან, როდესაც საბჭოთა იმპერია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მშვიდობიან დემონსტრაციას სასტიკად გაუსწორდა, ტანკებით გადაუარა და უმოწყალოდ აჩეხა. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ეს თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. სიმბოლურია, რომ ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. სიამაყითა და გულისტიკივილით მინდა აღვნიშნო, რომ 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ. მარადიული ხსოვნა 9 აპრილის გმირებს!“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

დღეს საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30-ე წელს აღნიშნავს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 



 

სიახლეებში დაბრუნება