საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იტალიის ელჩს შეხვდა

05-04-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოსა და განათლების საკითხებში საელჩოს ატაშეს, ორნელა სპანოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს იტალიის უნივერისტეტებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ვრცლად ისაუბრა იტალიის უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ დიზაინის საერთაშორისო სკოლაზე, რომლის თანადამფუძნებელი ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯაროა. ამასთანავე, დავით გურგენიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის“ კომიტეტის პრეზიდენტის, დოქტორი ნინო ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს იტალიური ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც ორ ქვეყანასა და მათ კულტურებს შორს ურთიერთობის ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ხიდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა იტალიის ელჩს უნივერსიტეტის მხარდაჭერისათვის.

ვიზიტის ფარგლებში, ენრიკო ვალვო შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერს - პროფესორ ჯემალ გახოკიძეს, კანცლერს - პროფესორ კარლო კოპალიანს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს - პროფესორ თამარ ლომინაძეს და სოციალურ საკითხთა, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს დავით ოქიტაშვილს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა და უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


 

სიახლეებში დაბრუნება