საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა CERN-ის მასტერკლასს უმასპინძლა

19-03-2021



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებით, CERN/IPPOG ონლაინ მასტერკლასი გაიმართა, რაც STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ქართველი ახალგაზრდებისთვის CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების უშუალოდ გაცნობის უნიკალური საშუალებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, CERN/IPPOG-ი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) დაკავშირებულ მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციაა,  რომლის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში ფუნდამენტური მეცნიერებების, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციაა. IPPOG კოლაბორაციის წევრები არიან ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია და ა.შ. ერთ-ერთი წევრი-ქვეყანა კი საქართველოა.


CERN/IPPOG მასტერკლასში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტებმა: Democritus University (საბერძნეთი); Università di Padova (იტალია); Ozyegin University (თურქეთი); University of Novi Sad (სერბეთი); University of Kragujevac (სერბეთი). ასევე მონაწილეობდნენ თბილისის #175 საჯარო სკოლა, სკოლა “პროგრესი“; QSI Iternational School of Tbilisi; სკოლა-ლიცეუმი „აია-GESS“; ქართულ-ამერიკული სკოლა; ევროპული სკოლა; Backswood-ის საერთაშორისო სკოლა.

CERN-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. მასტერკლასის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა. შეკრებილ აუდიტორიას ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან ცნობილი ფიზიკოსი, ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო და სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის (IPPOG) თავმჯდომარე, პროფესორი სტივენ გოლდფარბი მიესალმა, ხოლო CERN/IPPOG მასტერკლასის მონაწილე მოსწავლეებისთვის CERN-იდან, პირდაპირი ჩართვით, ვირტუალურ ტურსა და სალექციო კურსს ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.

„CERN-ის ეს პროექტი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ, მიიღონ განსაკუთრებული გამოცდილება და საკუთარი თვალით იხილონ ის მომავალი, რომელიც მათ ელით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეცნიერების გზით ივლიან. ეს რთული და უაღრესად საინტერესო გზაა. საქართველოს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, გსურს მეცნიერებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს, გვინდა მათ გაითავისონ, რომ დღეს მთელი მსოფლიო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე დგას. CERN-ის შემეცნებითი მასტერკლასი უდავოდ გააფართოვებს ჩვენი ახალგაზრდების აზროვნების დიაპაზონს, გაზრდის მათ ერუდიციას, გააჩენს მეტ მოტივაციას იარონ პროგრესის გზით“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს CERN/IPPOG კოლაბორაციაში გაწევრიანების იდეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩატარებული CERN-ის შემეცნებით ფესტივალზე დაიბადა. CERN/IPPOG კოლაბორაციაში საქართველოს გაწევრიანება ფიზიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ამ ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გაერთიანებაში, რეგულარულად ჩაატარონ მასტერკლასები, მოაწყონ ვორქშოფები და მრავალი სხვა ღონისძიება.

„2020 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შუამავლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ბატონ მიხეილ ჩხენკელსა და CERN/IPPOG-ის შორის ხელი მოეწერა საქართველოს გაწევრიანებას აღნიშნულ პრესტიჟულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციაში. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად  CERN/IPPOG-ში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი დასახელდა. უფრო ადრე კი, 2017 წელს, საქართველოს მასშტაბით პირველად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN/IPPOG მასტერკლასი ჩატარდა, რაც დღეს უკვე ტრადიციად იქცა. სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურა და ახალგაზრდობაა ჩართული. მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უჭერს მხარს პროექტს და ზრუნავს მის მასშტაბებსა და პროდუქტიულობაზე. ჩვენი მხრიდან, ახალგაზრდებს გაძლევთ პირობას, თქვენი ყველა საინტერესო და საჭირო გამოგონება იქნება მხარდაჭერილი, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსგან, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან“, - განაცხადა ზაზა მარუაშვილმა.

CERN/IPPOG მასტერკლასისა და ვორქშოფების პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა Art@Science გამოფენა. CERN-ის უახლეს სამეცნიერო აღმოჩენებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებული კოლაჟები, ფოტონამუშევრები და ვიდეორგოლები ახალგაზრდა დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მიმდინარე მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ექსპერიმენტების კომპლექსურობისა და გლობალური მნიშვნელობის შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება