საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლონურ კომპანია „ULTRAXIS Sp zo“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლონურ კომპანია „ULTRAXIS Sp zo“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05-03-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდების კვლევის ლაბორატორიას, პოლონურ კომპანია „ULTRAXIS Sp zo.o”-სა და ამიერკავკასიაში „ULTRAXIS Sp zo.o”-ს წარმომადგენელ  შპს „ქვანტუმ გრუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ULTRAXIS“-ის ექსპერტიზის სფერო ქმნის კომერციულად ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას (ულტრაბგერითი სენსორები) და აწარმოებს საკონსულტაციო მომსახურებას საქართველოში მიმდინარე პროექტების შესრულების უზრუნველსაყოფად. „ULTRAXIS“-ი მონაწილეობას მიიღებს პროექტის შესწავლა-მომზადების პროცესში, ჩაერთვება მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნაში და მეთვალყურეობას გაუწევს ინსტალაციასა და ტექნიკური მიღება-ჩაბარების პროცესს.

„უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვაში და მეცნიერული თვალსაზრისით დიდ წვლის შეიტანს პროექტში, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის იქნება წარმატების მომტანი.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ აღიჭურვა ევროსტანდარტის შესაბამისი ხიდებისა და გვირაბების საკვლევი უახლესი ტიპის „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორიით“. „მობილური ხიდსაცდელი ლაბორატორია“ ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო და საექსპერტო-კვლევითი დანიშნულებით, მეორე მხრივ კი - საქართველოსთვის, რადგან მისი მეშვეობით, შესაძლებელია არსებული და მშენებარე ხიდებისა და გვირაბების დეტალური დიაგნოსტიკა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება. ADB-მ გაითვალისწინა უნივერსიტეტის „ხიდსაცდელი ცენტრის“ თანამშრომელთა გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაძლებლობები, პროექტის ფარგლებში განხორციელდა „ხიდსაცდელი ცენტრის“ ტერიტორიის რემონტი, ამჟამად კი, ცენტრის სრული გადაიარაღება-მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ამდენად, უნივერსიტეტი მზადაა მემორანდუმის ფარგლებში ახალი კვლევებისა და სამუშაოების შესასრულებლად.მემორანდუმის ფარგლებში კვლევისა და განვითარების პროცესში უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი ჩაერთვება“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე. 


 

სიახლეებში დაბრუნება