მიხეილ კეკელიძე - 100

მიხეილ კეკელიძე - 100

11-02-2021


11 თებერვალს ცნობილ კალათბურთელს, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, სსრ კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს მიხეილ კეკელიძეს 100 წელი შეუსრულდებოდა.

 ბატონმა მიხეილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. კურსდამთავრებულს აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ თავის კათედრაზე ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება შესთავაზა,  მაგრამ მან  ცხოვრების მიზნად კალათბურთი აირჩია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უღალატია ამ არჩევანისთვის. იგი იყო სსრ კავშირის  თასის სამგზის მფლობელი და სსრ კავშირის ჩემპიონი 1950 წელს.

 1947–1965 წწ. იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრი, 1950–1971 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდის მთავარი მწვრთნელი. 1957 წელს მისი ხელმძღვანელობით იუნიორთა ნაკრებმა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა, სპი-ის გუნდმა კი სტუდენტთა არაერთი საკავშირო ტურნირი მოიგო.

 ძია მიშას ხელმძღვანელობით თბილისის „ბურევესტნიკმა“ (სპი) შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ყოფილ საბჭოთა კავშირის პირველობაზე „ა“ კლასის ოსტატ გუნდებს შორის. სტუდენტთა სპარტაკიადაზე 1964, 1966 და 1968 წლებში კი ჩემპიონობა მოიპოვა და გუნდი  ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.

 1961 წლიდან ბატონი მიხეილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდისა და სპორტის კათედრაზე უფროს მასწავლებლად მუშაობდა, 1966 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  ქალთა და ვაჟთა კალათბურთის გუნდები მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით ერთდროულად მონაწილეობდნენ სსრ კავშირის პირველობაზე უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის. სხვა არც ერთ უმაღლეს სკოლას საბჭოთა კავშირში ერთდროულად ორი გუნდი არ ჰყოლია.

მიხეილ კეკელიძე იყო საქართველოში კალათბურთელ ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის განათლების ბავშვთა სპეციალიზებულ საკალათბურთო სკოლასა და ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეს. უნდა აღინიშნოს, რომ მ. კეკელიძე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც 37 წლის ასაკში მიენიჭა სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.




 

სიახლეებში დაბრუნება