აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას

10-02-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევრის - აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველოს აღარ ჰყავს ისეთი დიდი მეცნიერი, მსოფლიო ენათმეცნიერების სფეროში მრავალგზის აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ავტორი, ბატონი თამაზ გამყრელიძე - 2005–2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და სიცოცხლის ბოლომდე მისი საპატიო პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, 1986-1988 წლებში ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტი, ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სამეცნიერო კვლევებმა და მონოგრაფიებმა, როგორიცაა: „ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის პრობლემისათვის“, „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“, „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“, „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ - საერთაშორისო სამეცნიერო წრეების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და  საერთო-ქართველურ ენობრივ სისტემათა განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობაზე აალაპარაკა.

გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. მისი ხელმოწერა დატანილია 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. სწორედ ბატონმა თამაზმა, 1989 წელს მოსკოვში გამართული სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, მთელი მსოფლიოს გასაგონად ბრალი დასდო საბჭოთა კავშირის იმდროინდელ ხელისუფლებას 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს თვალსაჩინო მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს სამეცნიერო წრეებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის მიერ აღზრდილი მკვლევრების თაობებს. 

ფასდაუდებელია ბატონი თამაზ გამყრელიძის ღვაწლი არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. 

 

სიახლეებში დაბრუნება