აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე - 90

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე - 90

04-02-2021



ცნობილ მეცნიერს, ისტორიკოსს, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს - ნანა ხაზარაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

აკადემიკოს ნანა ხაზარაძეს (1931 - 2019), ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: 1981 – მედალი „За трудовую доблесть“; 1985 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია; 1990 – მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“; 1990 – საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; 1996 – „ღირსების ორდენი“; 2010 – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გიორგი მელიქიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიები.

 2012 წელს, ნანა ხაზარაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) აირჩიეს.

 ეკუთვნის 205 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 - თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა და ფორუმში.

 ნანა ხაზარაძის თაოსნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1990 წელს დაარსდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, შემდგომ კი, უნივერსიტეტში არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა; 1990 - 2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „შრომების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, ნანა ხაზარაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 2009 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აქტიურად კითხულობდა ლექციებს, ამზადებდა ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს. იყო სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი და ოპონენტი, მიჰყავდა სალექციო კურსები: საქართველოს ისტორია, ქართული და უცხოური წყაროები საქართველოს ისტორიის შესახებ, ძველი მსოფლიოს ისტორია (საბერძნეთი, რომი) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, გენდერი და კონფლიქტი, თეორიული კონფლიქტოლოგია, პოლიტიკური კონფლიქტები, კონფლიქტის ფსიქოლოგია.

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 2019 წლის 2 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ცნობილ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, პატივსაცემ და საყვარელ კოლეგას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი - პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერები და მკვლევრები, საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები იხსენებენ, აღნიშნავენ, რომ აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სამეცნიერო ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

დავით გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

„ის იყო არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი, არამედ დიდი ადამიანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ჰუმანიზმსა და სიკეთეს ასხივებდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი სახელი და ხსოვნა ცოცხალია, მისი ღვაწლი დაფასებულია - ეს ფაქტი სიხარულით გვავსებს. მაგრამ რაოდენ დასანანია, რომ ასეთი მაღალი რანგის მეცნიერი დღეს აღარ გვყავს.

გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნანა ხაზარაძე იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საინჟინრო სკოლაში საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრის დაარსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უნივერსიტეტისთვის, და ისიც, რომ შემდგომში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს.

გვწყდება გული, რომ პანდემიით გამოწვეული ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეული დროით გადაიდო მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დაფუძნება, რომელიც ტრადიციად იქცევა და დიდი მეცნიერის, ნანა ხაზარაძის სახელს დაუკავშირდება. გადაიდო, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროით, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, კოვიდპანდემიის საფრთხეები დაიძლევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად მოღვაწეობდა ჩვენს უნივერსიტეტში, იმისათვის, რომ პირნათლად მოიხადა ვალი და აღზარდა შესანიშნავი თაობები, იმისათვის, რომ იყო ულამაზესი, უნატიფესი ქალბატონი, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებდა. როგორ შეგვიძლია უკვდავვყოთ მისი სახელი, თუ არა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დაფუძნებით და მისივე სახელობის კაბინეტის აქტიური ფუნქციონირებით, სადაც სტუდენტთა ახალი თაობები მეცნიერებას ეზიარებიან, ქალბატონი ნანას სამეცნიერო მემკვიდრეობას შეისწავლიან, აღიზრდებიან ახალგაზრდა მკვლევრები, მომავალი მეცნიერები. ვისურვებდით, რომ მათი სახელები გახდეს ისეთივე საყოველთაოდ აღიარებული, როგორიც ქალბატონი ნანა ხაზარაძეა“.  

მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„იცხოვრა გარდამტეხ ეპოქაში, როცა უზარმაზარი საბჭოთა იმპერია კრძალავდა, მაგრამ, ქალბატონი ნანა  თავდადებული მამულიშვილური სიყვარულით იკვლევდა ქართველი ხალხის წინაპართა იქამდე უცნობ ისტორიას. ხოლო, როდესაც იმპერიის ნანგრევებიდან, უმძიმეს  და ურთულეს პერიოდში, აღმოცენდა საქართველო, ქალბატონი ნანა, ერის დედის სიყვარულით გვერდით ამოუდგა დამოუკიდებელ  სახელმწიფოს.

მას ერის გასაჭირი თავის გასაჭირად მიაჩნდა და თავდადებული სიყვარულით იღწოდა მის განსაკურნებლად - პირველ რიგში თავისი დიდებული გონებით, კალმით, სამეცნიერო სფეროში ძალზე წარმატებული შრომებით.

მის კეთიშობილებასა და დიდებულებას გადმოცემდა მისი აღნაგობა და ყოველმხრივი მშვენიერება, მიხვრა-მოხვრა, მზერა, მისი დაფასება და ყურადრებიანი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. მას გააჩნდა ყველა ადამიანში კარგისა და შესანიშნავის ძიებისა და აღმოჩენის უნარი.

ის განსაკუთრებული სიყვარულით გვერდით ედგა და აფასებდა საქართველოს წმიდა ეკლესიას, მის მეთურს, ჩვენს უწმიდეს პატრიარქს, იერარქებს. ზოგადად, მიაჩნდა, რომ ქრისტიანობა იყო  საძირკველი, რომელსაც დაეფუძნა  ქართული კულტურა ბოლო 1500 წლის განმავლობაში.   ეკლესიის  წიაღში ითარგმნა წმიდა წერილი და საფუძველი დაედო ქართულ მწერლობას, არქიტექტურას, მუსიკას, ხელოვნების ყოველ დარგს, ამიტომაც, ის მუდამ სიყვარულით უვლიდა და კალმით ეფერებოდა მის წმიდანებს. დაუვიწყარია მისი კვლევები და შრომები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და საქართველოში დაცული მისი კვართის შესახებ - იმ ფონზე, როცა გარკვეული წრეები საზოგადოებაში განუწყვეტლივ ნერგავდნენ ნიჰილიზმს ეკლესიისა და მისი მსახურების მიმართ.

პირადად ჩემთვის, დაუვიწყარია მისი ღვაწლი, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსების საკითხი წყდებოდა, მისი ზრუნვა ამ კათედრის ავტორიტეტის გასაზრდელად, საქმიანი ურთიერთობა.

ჩემს ეპარქიაში მისი სტუმრობა მუდამ დიდი დღესასწაული იყო - ბევრი, ბევრი რამის გახსენება შეიძლება... ვფიქრობ, რომ ძველმა დიდებულმა და წარმატებულმა  საქართველომ იმიტომ   შეძლო საკუთარი ცივილიზაციის შექმნა კავკასიაში - თავისი სახელმწიფოთი, ეკლესიითა და დიადი კულტურით, რომ მას ჰყავდა ნანა ხაზრაძის მსგავსი დიადი ქალბატონები, მშობელნი ძველი გმირი ქართველებისა.

ვლოცულობ, რათა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა და ჩვენმა ხალხმა კვლავ შეძლოს და დაბადოს ახალი ნანა ხაზარაძე, გამგრძელებელი დიადი ეროვნული საქმეებისა“.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი):

„2000 წელს საქართველოს საპატრიარქომ, საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, ჩაატარა ქრისტეშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი - „ქრისტიანობა - წარსული, აწმყო, მომავალი“. მიწვეულმა უცხოელმა მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საქართველოში, როგორც უძველესი საეკლესიო ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი დაფუძნებულიყო.

ამ იდეას მხარი დაუჭირეს, როგორც საქართველოს ეკლესიის, ისე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, და 2002 წლის თებერვალში დაფუძნდა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი“. ცენტრი დააფუძნა თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ხოლო მისი ფუნქციონირება საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაიწყო.

ქალბატონი ნანა ხაზარაძე პირველივე დღეებიდან ჩაერთო ცენტრის მუშაობაში - დიდი წვლილი შეიტანა საეკლესიო და სამეცნიერო წრეების დაახლოებისა და მათ შორის არსებული ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობის უძველესი ტრადიციების აღდგენის საქმეში.

სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის ათეისტური ძალმომრეობის შედეგად, ხელოვნურად გაწყვეტილი კავშირის აღდგენა ადვილი საქმე არ იყო. ამ პროცესში ჩართულ მეცნიერებს, პროფესიონალიზმთან ერთად, სწორი ქრისტიანული ხედვა და სულიერების გარკვეული ხარისხიც მოეთხოვებოდათ. ამ მოთხოვნას სრულად შეესაბამებოდა ქალბატონი ნანას პიროვნება - მაღალი რანგის მეცნიერი და გამორჩეული სულიერი სათნოებების მატარებელი ადამიანი, ჭეშმარიტი მეცნიერი და ქრისტიანი.

ქალბატონი ნანა დააკლდა ჩვენს ქვეყანას არა მარტო, როგორც საისტორიო მეცნიერების ღირსეული წარმომადგენელი, არამედ როგორც ქართული ქრისტიანული სულის ჭეშმარიტი გამომხატველი. გვწამს, რომ უფალი სასუფეველში დაამკვიდრებს მის უკვდავ სულს“.

გივი ინანიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე იმ უკვდავ მეცნიერთა სახელებს შეუერთდდა, რომელთა მოღვაწეობა ცნობილია თანამედროვე საზოგადოებისთვის და ემახსოვრებათ მომავალ თაობებს. მის მიერ შექმნილი უმდიდრესი, ფასდაუდებელი და ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები სამაგიდოა საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის.

ორი მძიმე წელი გვაკავშირებს ძვირფასი ნანას მეგობრებს მის გარდაცვალებასთან. ჩვენს გვერდით აღარ არის ფართო მასშტაბის მეცნიერი, მკვლევარი და მოაზროვნე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი თაოსნობით დაარსებული საქართველოს ისტორიისა და კულტურის სასწავლო-საკვლევო კათედრისა და შემდგომში დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევასა და ცოდნა-გამოცდილებას, რათა ქალბატონი ნანას სახელი უკვდავყოთ.

ულამაზესი და უნაზესი, განუმეორებელი ხიბლის მქონე ქალბატონი, რომელსაც უყვარდა ცხოვრება, ოჯახი, კოლეგები, ახალგაზრდა თაობები, ფიქრი ერის მომავალზე... ასეთად რჩება ძვირფასი ნანა ხაზარაძე ყველა მეგობრის ხსოვნაში - მისი სიცოცხლე უსასრულოდ გაგრძელდება“

დავით მუსხელიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი:

„ქალბატონ ნანა ხაზარაძეს, ცნობილი ქართული ოჯახის შვილს, ღვთისაგან ქალისადმი მინიჭებული ყველა მადლი ჰქონდა: სილამაზე, მომხიბვლელობა, სათნოება, გულისხმიერება, გონიერება. ამავე დროს, ის მეტად აქტიური და ენერგიული პიროვნება გახლდათ. შეიძლება ითქვას, ბედნიერებისთვის დაბადებული ქალბატონი იყო და ის მართლაც ბედნიერი იყო - უყვარდა მეუღლე, რომელიც თავის მხრივ აღმერთებდა მას, ჰყავდა შვილები, შვილიშვილები, დიდი პატივისცემით სარგებლობდა კოლეგებში, იყო ნაყოფიერი მეცნიერი, რომელიც წარმატებით იკვლევდა ქართველი ხალხის ისტორიის უძველეს და ურთულეს საკითხებს, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰყავდა ერთგული მეგობრები და მოწაფეები.

ასე რომ, უნდა გავიმეორო: ქალბატონი ნანა, ბედნიერი ქალი იყო. სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, ცხოვრებას ბედნიერებასთან ერთად სიმწარეც მოაქვს, მაგრამ იმ ოჯხურმა უბედურებამ, რაც მას თავს დაატყდა, მისი კიდევ ერთი თვისება - არაჩვეულებრივი სულიერი სიმტკიცე და ზნეობრივი სიძლიერე გამოავლინა. ნანა ხაზარაძე სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას, ზრუნვას ახლობლებისა და მოწაფეების კეთილდღეობისათვის.

ერთმა ფრიად ცნობილმა ადამიანმა თქვა: „რადგან ერთხელ ცხოვრობ, უნდა იცხოვრო ღირსეულად“. ქალბატონმა ნანამ, ეს მაქსიმა პირნათლად შეასრულა.

კიაზო ფიცხელაური - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი:

„ნანა და მე თანაკლასელები ვიყავით, ჩვენ ბავშვობა გვაკავშირებს ერთმანეთთან - ბავშვობა ლაღი და უდარდელი. მოხდა ისე, რომ მეცნიერებაშიც ერთად გავიარეთ რთული, მაგრამ შთაბეჭდილებებით, გამარჯვებებით აღსავსე გზა. ჩვენ საქართველო გვტკიოდა და გვიხაროდა, შეგვეძლო დაუსრულებლად გვესაუბრა წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე.

უაღრესად განათლებული, გასაოცარი აზრებით და უსაშველოდ თბილი გულით. ძალიან კარგი მეგობარი - არა, უბადლო მეგობარი, ქალი, რომელმაც არ იცოდა ღალატი, ის თავად იყო ხორცშესხმული სიხარული და სიყვარული.

და, როდესაც ნანა მარადისობას შეუერთდა, იმ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრების ყველაზე სათუთი მეგობრობის ხანა.

ტრაგედიებით დამძიმებული და გულნატკენი წავიდა თავის მეუღლესთან, შვილთან, შვილიშვილთან - იქ, იმქვეყნად...

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“.

ლია მელიქიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი:

„ჩემო ნანიკო - რამდენიმე ათეული წელი ასე მოგმართავდი. არ გეძახდი ნანას იმიტომ, რომ იმ მრავალრიცხოვან ნანებს შორის, რომელიც შენს ოჯახს ამშვენებს, შენ ყველაზე მეტად გეკუთვნოდა სახელი ნანიკო. ჩემთვის იყავი ადამიანი, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვობისა და ყრმობის წლებს, რადგანაც იქ იყო შენი დასაბამი, იქ იყო ის მაცოცხლებელი და უშრეტი წყარო, რომელიც სიცოცხლის დასასრულამდე გასულდგმულებდა, აგამაღლებდა და დროდადრო შეგახსენებდა კიდეც, რომ ერთხელ ცხოვრობ ამ მშვენიერ და კურთხეულ მიწაზე და შენი კუთვნილი გზა ღირსეულად უნდა გაიარო.

შენ მეტს ვის შეეძლო „მომავალი სასწაულების მოლოდინში“ წიგნის წერა. შენ შეგეძლო დაგენახა სასწაული მზის ჩასვლაში და თოვლზე ამოსულ იებში. მხოლოდ შენნაირ ადამიანს შეეძლო ყოფილიყო ბედნიერი, ლაღი, სულიერად თავისუფალი, მეოცნებე, უმძიმეს 1938-1949 წლებში. ეს სკოლის წლებია, რომელიც მშვენიერ მოგონებებს აღძრავდა შენში. რომ არ ყოფილიყავი გულღია, თბილი, მართალი და მხოლოდ სიკეთის მაძიებელი, ასეთი მოგონებები, რა თქმა უნდ,ა არ გექნებოდა.

შესაშური იყო შენი ხედვა - მხოლოდ დადებითად აფასებდი ყველაფერს და ეს იმიტომ კი არა, რომ ვერ ამჩნევდი უარყოფითს, მაგრამ ცდილობდი დაგეფასებინა ადამიანში ის დადებითი და ამაღლებული გრძნობა, რაც ასე დეფიციტური გახდა ჩვენს ცხოვრებაში.

შენ შეგეძლო ორი სამყარო მომავლის ერთ იმედში გაგეერთებინა.

შენი სიტყვებია: „მომავალს იმედით შევცქერი: ბატონი ოთარის (ღამბაშიძის) მიერ დაწყებულ ეროვნულ საქმეს, სამცხე-ჯავახეთის სიძველეთა შესწავლას, ერთგული და ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს - ბატონი ოთარის უსაყვარლესი ქალიშვილი ირინე ღამბაშიძე. ასე რომ, ბატონი ოთარ ღამბაშიძის ამქვეყნიური სიცოცხლე კვლავ გრძელდება“. შენ ოცნებასაც კი უნაწილებდი ამქვეყნიდან წასულ ადამიანებს. შენ შეგეძლო გეფიქრა ის, რომ ბატონი ავთანდილი (ბენდუქიძე) დღესაც ჩვენთან ერთად ოცნებობს ბედნიერ, განსწავლულ, სულიერად და ზნეობრივად ამაღლებულ საქართველოზე. მადლობას უხდიდი განგებას, რომ ამ ქვეყნიდან წასული უბრწყინვალესი ადამიანების თანამედროვე და თანამოქალაქე იყავი.

შენ იყავი ადამიანი, რომელსაც შესწევდა უნარი უარყოფითი მოვლენა, სიკეთისთვის გამოგეყენებინა. შენ იყავი ე.წ. პარტკომი, მაგრამ არასდროს არ ყოფილხარ კომუნისტი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თანამდებობას შეგნებულად შეეჭიდე, რათა ჩვენი ინსტიტუტის დისიდენტები აგეცილებინა ციხისთვის. ხმამაღლა იბრძოდი კომუნისტების წინააღმდეგ. ამის ნათელი მაგალითია შენი აქტივობით შედგენილი ფოტოტელეგრამა 9 აპრილის მოვლენებზე. შენ მიერ გააზრებული საგანმანათლებლო რეფორმა და ისტორიკოსის მომავალი კვლევის პერსპექტივა დღესაც აქტუალურია. იმიტომ, რომ იცოდი ყველა პრობლემა და ცდილობდი ახლოს ყოფილიყავი ხალხთან. შენთვის სიცოცხლესავით აუცილებელი იყო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ყოველმხრივი ანალიზი - ჯერ საქმე და შემდეგ რეზულტატზე მსჯელობა. წმინდად იცავდი ეროვნულ სიმდიდრეს, ჩვენი ხალხის საუკეთესო ტრადიციებს: ქველმოქმედებას, მოწყალებას, ტოლერანტობას, ურთიერდახმარებას. შენ სამშობლოს ნამდვილი მსახური იყავი.

ირინე ტატიშვილი, ლევან გორდეზიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები:

„ბედნიერება გვხვდა წილად, რომ ვიცნობდით და ვმეგობრობდით ისეთ ნათელ და ყოველმხრივ გამორჩეულ პიროვნებასთან, როგორიც ნანა ხაზარაძე იყო.

ნანა ხაზარაძის მეცნიერული შემოქმედება უაღრესად მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ძველი ახლო აღმოსავლეთის, ასევე, კავკასიის ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ ისტორიას, ქართველურ-ძველაღმოსავლური ენობრივი და კულტურული კონტაქტების საკითხებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალბატონი ნანას მიერ შეტანილი წვლილი ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონის - მცირე აზიის შესწავლაში. ნანა ხაზარაძის არაერთი ნაშრომი ეძღვნება ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მცირე აზიის ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ეთნიკური განვითარების ურთულეს საკითხებს.

ფართო ერუდიცია და ძველი ახლო აღმოსავლეთის შესწავლის თანამედროვე მიღწევათა კურსში ყოფნა მას ყოველთვის აძლევდა საშუალებას, რომ ახლებურად გაეაზრებინა მცირე აზიის ძველი ისტორიისა და კულტურის საკითხები, ძველაღმოსავლური სოციალური ინსტიტუტები, გვიანხეთური ხანის სამთავროების ოფიციალური იდეოლოგია, ძველანატოლიურ სამყაროსთან ქართველთა ეთნოკულტურული ურთიერთობები და მრავალი სხვა პრობლემა. აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური სურათის ფონზე შესწავლილი აქვს ქართველი ხალხის უძველესი ისტორიის, ეთნოგენეზის პრობლემები. მის მეცნიერულ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძვ.წ. I ათასწლეულის იეროგლიფური ლუვიური წარწერების კლასიფიკაციისა და სტრუქტურის საკითხების შესწავლას. მას ოსტატურად აქვს გამოყენებული ლუვიური იეროგლიფები შესაბამისი კულტურულ-ისტორიული რეალიების შესასწავლად. ნანა ხაზარაძის გამოკვლევებით, ჩვენს ძველაღმოსავლურ მეცნიერებაში შემოვიდა სრულიად ახალი სფერო - ძვ.წ. I ათასწლეულის მცირე აზიის კვლევა, რითიც მან, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ძველი აღმოსავლეთის შემსწავლელი მეცნიერების მანამდე უცნობ განშტოებას.

რაოდენ დასანანია, რომ ნანა ხაზარაძის 90 წლის საიუბილეო თარიღს მის გარეშე ვხვდებით! სიკვდილმა სრულიად მოულოდნელად გამოგვტაცა ხელიდან სიცოცხლით სავსე, ენერგიული, კეთილი, სათნო და ულამაზესი ქალბატონი ნანა, რომლის ნათელი სული ყოველთვის იქნება მათი მეგზური, ვინც მას იცნობდა.

მანანა ხიდაშელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი:

„ნანა პირველად, დიდი ხნის წინ ვნახე ბორჯომში. გამაოცა მისმა სილამაზემ - მაღალი, თხელი, ფერმკრთალი, ქერათმიანი ფერია, რომელსაც სულ კუდში დავდევდი. მერე მოხდა ისე, რომ ჩვენი ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში, თითქმის ნახევარი საუკუნე ერთად დავყავით.

ყოველთვის მაოცებდა მისი შინაგანი ენერგია, ჭირთათმენის გასაოცარი უნარი, მისი „აქტიური“ სიკეთე, რომელიც ყოველთვის ადამიანისკენ იყო მიმართული.

დღეს ნანას დაბადების დღეზე სევდიანი სიხარული მეუფლება - სევდიანი, რომ ის ჩვენთან აღარაა და სიხარული, მრავალი წლის მანძილზე ერთად ყოფნის ბედნიერება რომ მხვდა წილად.

თამარ ხოხობაშვილი, ნანა ბახსოლიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი; პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოც. პროფესორი:

„დრო სწრაფად გარბის. მაგრამ სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში განგება ისეთ ადამიანებს გვახვედრებს, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენზე. ასეთი იყო ქალბატონი ნანა ხაზარაძე - მეცნიერი, სამშობლოს ერთგული მსახური ისტორიკოსი, საუკეთესო პედაგოგი და კოლეგა.

ნანა ხაზარაძე ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, ჩართული საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე პროცესებში - სწორედ მან მიმართა საპროტესტო წერილით ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას.

ნანა ხაზარაძე წლების მანძილზე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც „საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის“ კათედრას ხელმძღვანელობდა. კათედრასთან ფუნქციონირებდა ნანა ხაზარაძის მიერ დაარსებული „ისტორიული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების საპრობლემო ლაბორატორია“, რომელმაც „ქართლის ცხოვრების“ საძიებლებით თანდართული ელექტრონული ვერსია შექმნა. მოქმედებდა ისტორიის მოყვარულთა კლუბი.

უნივერსიტეტში ქალბატონი ნანა კითხულობდა საინტერესო, სრულიად განსხვავებულ კურსებსა და სპეცკურსებს, წლების მანძილზე ამზადებდა ასპირანტებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

მისი მრავალმხრივი და ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგია ჩვენც დადებითად გვმუხტავდა და ყოველდღიურ რუტინას ახალი, ზოგჯერ ერთობლივი და ზოგჯერ ჩვენივე შრომებით გვიფერადებდა.

აკადემიკოს ნანა ხაზარაძეს 4 თებერვალს 90 წელი შეუსრულდებოდა. მოულოდნელმა სიკვდილმა მას ისევე მოულოდნელად დაგვაშორა, როგორც შეგვახვედრა.

მარადიული ხსოვნა ქალბატონ ნანას!“

დეკანოზი ლევან მათეშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი:

“ჩემს მეხსიერებაში ქალბატონი ნანა ხაზარაძე ყოველთვის მიუწვდომელი ეტალონი იქნება არა მხოლოდ კარგი ოჯახიშვილობის, კარგი მეუღლისა და დედის, წარმატებული მეცნიერის, ბუნებრივი არისტოკრატიზმის დიდებული გამოვლინებების, არამედ ადამიანობის. ადამიანის დანახვის, თანალმობის, გაგების, გახსნილობის, თავგანწირვის და რაც მთავარია, სიყვარულის უნარი მისი პიროვნების გამორჩეული და განსაკუთრებული თვისება იყო, რაც კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებს და ამძაფრებს მის არყოფნას ადამიანებთან, რომლებსაც არ გვესმის ერთმანეთის და უსიყვარულობის ორომტრიალში დაკარგულებს მხოლოდ მოგონებებად შემოგვრჩა ქალბატონი ნანას ნათელი ხსოვნა“.

ალექსანდრე (ალეკო) დაუშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე:

„უმშვენიერესი ქალბატონი ნანა! არ მინდა დავიჯერო რომ ის აღარ არის - საოცრად ახლობელი, უაღრესად დიდებული, კეთილშობილი მანდილოსანი. მრავალი წლის თანამშრომლობა მაკავშირებდა მასთან და მხოლოდ დადებითი ემოციები მეუფელბა, როცა მასზე ვფიქრობ, როცა მას ვიხსენებ.

1975 წელს შევაბიჯე ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც ქართული ისტორიოგრაფიის დიდი კორიფეები მოღვაწეობდნენ. მათ შორის თავისი განუმეორებელი ადგილი მუდამ ეკავა ახალგაზრდა, საოცრად მომხიბვლელ, ღრმა პროფესიული განათლებით შემკულ და დამწყები ისტორიკოსების მიმართ მუდამ გულისხმიერ ნანა ხაზარაძეს. ყველაფერში გამორჩეული იყო: მეცნიერებაშიც, დისპუტების დროს, ადამიანურ ურთიერთობაშიც. ყოველთვის მომღიმარი, საქმიანი, მოფუსფუსე, უშრეტი ენერგიის მქონე. ასეთი იყო და ასეთად დარჩა ჩემს ხსოვნაში ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნანა“.

ნუნუ მინდაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

„ბედნიერი ვარ, რომ ახლო ვიყავი ისეთ ადამიანთან, როგორიც ნანა ხაზარაძე იყო. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ახლაც კი, როდესაც რაღაც მახარებს ან გულს მტკენს, მინდა ნანას გავუზიარო, ხშირად მისი ტელეფონის ნომერიც ამიკრეფია, შემდეგ კი ვაცნობიერებ, რომ ნანა აღარ არის.

ნანა იყო უკეთილშობილესი, ღირსეული პიროვნება, თავშეკავებისა და მოთმინების გასაოცარი უნარით. ცხოვრებამ სიმწარეც ბევრი არგუნა, მაგრამ ვერ გააბოროტა, არასოდეს არავინ შეუწუხებია თავისი მძიმე დარდით. თითქოს მწუხარებამ მეტად გულშემატკივარი გახადა, მეტად თბილი, მოყვარული.

ნანა დააკლდა თავის დიდ ოჯახს, ძმას, მეგობრებს, მოსწავლეებს - ყველას, ვისაც კი რაიმე ურთიერთობა ჰქონდა მასთან, დააკლდა თავის უსაყვარლეს საქმეს, გასაოცარი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდა. ნანას კვლევის შედეგად, შუქი მოეფინა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის, საქართველოს და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობის ბევრ ამოუცნობ ისტორიას, ამოიხსნა იეროგლიფებში   დაუნჯებული ბევრი საიდუმლო.  

თავდავიწყებით უყვარდა თავისი ქვეყანა. არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს „კინოს სახლში“ ქართული ენის დასაცავად ნანას ინიციატივით ჩატარებული ფორუმი, ეროვნული მოძრაობი მხარდამჭერი თავყრილობები ჩვენს ინსტიტუტში, ჯავახეთის პრობლემების მოსაგვარებლად მის მიერ დაფუძნებული საზოგადოების მოღვაწეობა და კიდევ მრავალი სხვა, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ნანას ბოლო საწუხარიც ხომ საქართველო, მისი ისტორია იყო. გარდაცვალებამე ორიოდე დღით ადრე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან, თედო სახოკიას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ერთად გამოვედით. კმაყოფილი იყო და გულდაწყვეტილიც. აოცებდა თედო სახოკიას და მის თანამოღვაწეთა სამშობლოს უანგარო სიყვარულის უნარი, რომელიც მათი მოღვაწეობის ყველა სფეროში იჩენდა თავს. აწუხებდა საქართველოს ისტორიის სწავლების პრობლემა - თვლიდა, რომ   საქართელოს ისტორიის კურსი ყველა უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტზე უნდა წაკითხულიყო. რადგან ახალგაზრდობამ სათანადოდ არ იცოდა თავისი ქვეყნის ისტორია. ამ მიზნის მისაღწევად მარიამ ლორთქიფანიძეს და მას გეგმაც ჰქონიათ დასახული, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება არ დასცალდათ. იმედია, მათი ოცნება ოდესმე ასრულდება.

ნანა ხაზარაძის პიროვნების, კვლევის არეალისა თუ შედეგების შესახებ ორიოდე სიტყვის თქმა საკმარისი არ არის. მის სამეცნიერო, პედაგოგიურ თუ საზოგადო მოღვაწეობას სათანადო შეფასება და რაც მთავარია, დაფასება სჭირდება. ალბათ, ამას მისი მოსწავლეები შეძლებენ“.

მურმან პაპაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი:

„ბედმა მას 88 წლის სიცოცხლე აჩუქა. ეს ჯილდო პირადად ჩემთვის ძალიან ცოტა იყო, რადგან აღარ არის არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ უდიდესი ადამიანი. ძნელია წერო მასზე. იგონებ და გული გტკივა. ძალიან გვიყვარდა - ამის მაგალითს თვითონ იძლეოდა. ისტორიის ინსტიტუტში, ჩვენი გაცნობის დღიდან (გასული საუკუნის 80-იანი წლები), ქალბატონი ნანა ჩემთვის არა მარტო თანამედროვეობის გამოჩენილი მეცნიერი იყო, არამედ - სიკეთის განსახიერებაც. საჭირო დროს იცოდა უანგარო დახმარება და გვერდში ამოდგომა. მერე რამდენი რამ მახსოვს ამ მხრივ მისგან! სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ეს მოგონებები და მადლიერების გრძნობა. მისმა მეცნიერულმა სიმაღლემ, უდიდესმა ადამიანურობამ და ფიზიკურმა სილამაზემ ქალბატონი ნანა ჩემთვის აქცია ამ სამივე განზომილების დედოფლად. აკი, ასე ვეძახდი სახალხოდ, სტუდენტების წინაშე, „დედოფალი სრულიად საქართველოსი“.

რამდენი რამ მაქვს მოსაგონარი მის სულიერ სიდიადეზე, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი მინდა გავიხსენო: როცა ქალბატონ ნანას ვუყვებოდი აფხაზეთის ომის დროს ჩემი დის ტყვედ ჩავარდნისა და აფხაზების დახმარებით მისი დახსნის ამბავს, რა დამავიწყებს, მთელი ამ ისტორიის თხრობისას, მას თვალზე ცრემლები მძივებად ეკიდებოდა და მეც ცრემლის შეკავება მიჭირდა. დღესაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები: „მურმან, ჩვენი ხალხი ისევ დაუბრუნდება ერთმანეთს და ეს შენი დის ისტორია თავის როლს შეასრულებსო“. მას შეეძლო ეს ეთქვა - ქალბატონ ნანას ადამიანები უყვარდა, მასში არ კვდებოდა მომავლის რწმენა. მისი სამეცნიერო შემოქმედების კიდევ ერთხელ წაკითხვა ამის დასტურია.

განისვენეთ მშვიდად. დიდად გამიმართლა, ცხოვრების გზაზე თქვენ რომ შეგხვდით. თქვენთან ერთად ყოველთვის იმედიანად ვიყავი“.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობა:

„როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი დაფუძნდა, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე ერთ-ერთი იყო იმ მეცნიერთაგან, რომელმაც ენერგიულად დაიწყო მუშაობა საქართველოში ათეიზმის პერიოდში მეცნიერებასა და ეკლესიას შორის ხელოვნურად ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. ის იყო სამეცნიერო ცენტრთან არსებული „დარბაზის“ უცვლელი და აქტიური წევრი, ხშირად იღებდა მონაწილეობას ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებებში, სამეცნიერო დისკუსიებში, სემინარებში, საერთაშორისო სიმპოზიუმებში. მეტად საინტერესო გამოკვლევები ჰქონდა ქართული ეკლესიის ისტორიის ზოგიერთ აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით, ინტენსიურად იკვლევდა ღვთისმშობლის სარტყელის ისტორიის უცნობ და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს.

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე დიდი დანაკარგია ქართული საისტორიო საზოგადოებისათვის და მას მარადიული ნათელი დაადგება თავისი დიდი სულიერებითა და კიდევ უფრო დიდი ადამიანური სათნოებით“.

ისტორიის, არქეოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები:

„2006 წელს ფსევდორეფორმატორებმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაარბიეს, გაანადგურეს მისი ინსტიტუტები. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდანაც საუკეთესო თანამშრომლები უსამართლოდ გამორეკეს. მათ შორის იყო ნანა ხაზარაძეც. მაგრამ მან, აკადემიკოს დავით მუსხელიშვილთან, მიხეილ სამსონაძესთან, ოთარ ჯანელიძესთან და სხვებთან ერთად, შექმნა არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაცია „ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი“, რომელმაც ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობა გააჩაღა.

უდიდესია აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დამსახურება ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ „ანალების“ დამკვიდრების, განმტკიცებისა და სამეცნიერო ავტორიტეტის მოხვეჭის საქმეში. ცენტრისთვის ურთულეს პერიოდში ის იყო რედაქტორიც, კორექტორიც და ავტორ-შემსრულებელიც.

მარადჟამ დაუვიწყარია აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ღვაწლი – დაუვიწყარია მისი ნათელი ხსოვნა“.

 

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე - ბიოგრაფიული ცნობები

აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ნაშრომების სია


 

სიახლეებში დაბრუნება