აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი გარდაიცვალა

აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი გარდაიცვალა

24-01-2021  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

 აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, დაიბადა 1929 წლის 11 მაისს.

 1947 - 1952 წწ. ბატონმა ოთარმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია. 1956-1959 წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ასისტენტის და შემდეგ დოცენტის პოზიციაზე. 1960-1970 წწ. იყო საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შემდგომ განყოფილების გამგე.

1956 წელს ოთარ ნათიშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო  სადოქტორო დისერტაცია კი 1969 წელს.

1970-1990 წწ. ბატონი ოთარ ნათიშვილი არჩეული იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანად, შემდეგ იყო პრორექტორი სასწავლო დარგში და ბოლოს იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი. 1980 წელს ბატონ ოთარს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1990-2021 წწ. ბატონი ოთარ ნათიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეუნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების გამგე. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნად და ვიცე-პრეზიდენტად.

ბატონი ოთარ ნათიშვილი 60  წელზე მეტი მოღვაწეობდა  საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო მუშაობის სფერო იყო ჰიდრავლიკა, საინჟინრო ჰიდროლოგია, აგროეკოსისტემების მდგრადობა, სამთო მელიორაცია. ბატონ ოთარს საქრთველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 200 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20 მონოგრაფია და 10-ზე მეტი სახელმძღვანელო.

ბატონი ოთარი არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის, ხალხთა მეგობრობის ორდენის, მედალი "შრომითი წარჩინებისთვის" მფლობელი.

 აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის მოღვაწეობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო, იღვაწო და მუდმივად იყო სამშობლოს სადარაჯოზე. მისი ხსოვნა სამარადჟამოდ იცოცხლებს მომავალ თაობებში.


 

სიახლეებში დაბრუნება