პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი ვასილ ქართველიშვილის ხსოვნას

პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი ვასილ ქართველიშვილის ხსოვნას

07-01-2021  საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი დანაკლისი განიცადა - 83 წლის ასაკში გარდაიცვალა დამსახურებული ტრანსპორტელი, გამორჩეული პიროვნება, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ბატონი ვასილ ქართველიშვილი.

 ბატონი ვასილ ქართველიშვილი დაიბადა 1937 წლის 25 ივნისს. მან ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაყოფიერი გზა განვლო. პროფესიით ინჟინერმა შრომითი საქმიანობა 1959 წელს, ავტოსატრანსპორტო საწარმოში დაიწყო. 1965-1968 წლებში საქართველოს მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი იყო, წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მუშაობა იმავე ინსტიტუტში, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე გააგრძელა.

1971 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკურ ფაკულტეტზე (ამჟამად, სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ - ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე. 1976–1991 წლებში იყო ავტომექანიკური, შემდეგ კი საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებით, პასუხისმგებლობით, პრინციპულობითა და მტკიცე ხასიათით, სამართლიანად ითვალისწინებდა სტუდენტების ინტერესებს და სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, როგორც სტუდენტთა, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა  შორის.

ბატონი ვასილ ქართველიშვილი  ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორისაა 4 სახელმძღვანელო და 3 დამხმარე სახელმძღვანელო; მისი ხელმძღვანელობით მომზადდა არაერთი მაგისტრანტი; მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციაში და ჰქონდა სარედაქციო კოლეგიებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტში საფუძველი ჩაეყარა  საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების სასწავლო მეთოდურ მიმართულებას. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

პროფესორი ვასილ ქართველიშვილი დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით, ერთგულად ემსახურა მშობლიურ უნივერსიტეტს, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს,  არასოდეს უღალატია პედაგოგის პროფესიისთვის, ზნეობრივი პრინციპებისა და კოლეგიალობისთვის, იყო ერთგული და ყურადღებიანი მეგობარი და პედაგოგი. ის დააკლდა ფაკულტეტს, სტუდენტებს, კოლეგებს და დაგვიტოვა დიდი ადამიანური სითბო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი ვასილ ქართველიშვილის ოჯახს.

 

სიახლეებში დაბრუნება