საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი რევაზ სტურუა გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი რევაზ სტურუა გარდაიცვალა

29-12-2020


მოულოდნელად შეწყდა ქართველი ერის ღირსეული შვილის, ცნობილი მეცნიერის, ახალგაზრდობის  აღმზრდელის, უნიჭიერესი  პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ რევაზ სტურუას გულისცემა. ქვეყანამ უერთგულესი შვილი დაკარგა - შვილი, რომელიც მრავალი ათეული წელია სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც სახელოვნად განვლო გზა წარჩინებული სტუდენტობიდან პროფესორობამდე.

ბატონმა რევაზმა ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა ბათუმში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ძირძველი ტრადიციების მქონე სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს მიაშურა, გადაწყვიტა სამთო საქმის ინჟინერი გამხდარიყო. სამთო-ინჟინერ-ტექნოლოგიის კვალიფიკაციით ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სულ მალე მოსკოვის მყარი  საწვავი წიაღისეულის გამდიდრების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. 1970 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და კვლავ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მშობლიურ კათედრაზე განაგრძო მოღვაწეობა. 1971 წელს სათავეში ჩაუდგა ინსტიტუტში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებასაც.  სულ მალე, ახალგაზრდა ასაკში, იგი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრის გამგედ აირჩიეს, რაც იმ დროისთვის უაღრესად იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. 1983 წელს სამთო-გეოლოგიური ფაკლუტეტის სინამდვილეში მან, პირველმა, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების პრობლემებზე, რაც ქართული სამთო-სამეცნიერო სკოლის თვალსაჩინო მიღწევა გახლდათ.

უაღრესად ფართო და მასშტაბური იყო პროფესორ რევაზ სტურუას სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შავი და ფერადი ლითონების გამოდგნობის ტექნოლოგიებთან ინტენსიური ენერგეტიკული პროცესების კომბინაციური მეცნიერული საფუძვლები.

პროფესორმა რევაზ სტურუამ და მისმა მოწაფეებმა შეიმუშავეს მთელი რიგი მადნების ფლოტაციური გამდიდრების რეაგენტთა ხსნარებით, პულპისა და წყლის ინტენსიური იმპულსური ელექტროქიმიის თეორიისა და პრაქტიკის ძირითადი დებულებები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ რევაზ სტურუას ხელმძღვანელობით ჩატარებული მრავალმხრივი კომპლექსური კვლევები ჭიათურის აუზის ღარიბი  მანგანუმის მადნების გამდიდრების ტექნოლოგიური სქემების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რითაც მიღწეული მთელი რიგი ტექნოლოგიური და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტას მიაღწიეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტით.

პროფესორ რევაზ სტურუას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ტყიბულის  საბადოს ძნელად გასამდიდრებელი ნახშირების გამდიდრების ტექნოლოგიის  სრულყოფის საქმეში. იგი არის აგრეთვე ე.წ. „ლიპტობიოლიტური“ ნახშირების გამდიდრების ორიგინალური ტექნოლოგიის შემუშავების ერთ - ერთი ავტორი. 

პროფესორ რევაზ სტურუას ხელმძღვანელობით დამუშავდა ტყიბულჰესის წყალსაცავის გაწმენდის ეფექტური ხერხი, რომელიც ამასთანავე მყარი მასალიდან მაღალხარისხოვანი ენერგეტიკული ნახშირებისა და სამშენებლო  სილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

პროფესორ რევაზ სტურუას სამეცნიერო შედეგები თავმოყრილია 150-ზე მეტ ნაშრომში, 28 გამოგონებაში, ორ მონოგრაფიასა და სამ სახელმძღვანელოში. მისი თავკაცობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები. პროფესორ რევაზ სტურუას მაღალმა პროფესიონალურმა ავტორიტეტმა საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში განაპირობა მისი არჩევა საქართველოს საინჟინრო, საერთაშორისო საინჟინრო და რუსული სამთო აკადემიების ნამდვილ წევრად. პროფესორ რეზო სტურუას , როგორც მეცნიერის მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტზე მიუთითებს ის გარემოება, რომ იგი 1998 წელს აირჩიეს სამთო საქმის საერთაშორისო ასოციაციის წევრად, ხოლო 2000 წელს - აღნიშნული სამეცნიერო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

რეზო სტურუას ბიოგრაფიის ოქროს ფურცლები მისი ლექსებია. ისინი გაცოცხლდნენ სულ ახლახან და უკვდავებად იქცნენ. იმდენად უცერემლოდ ვერ წაიკითხავ ამ ლექსებს, რომ ყოველი მათგანი ჩვენთან ერთად არსებობს და იარსებებს სამუდამოდ ჩვენთან ერთად, ჩვენო ძვირფასო ძმაო და მეგობარო რეზო იქნები ზეციურ საქართველოში უღალატო ძმებთან ერთად სამუდამოდ.

დიდი ილია ბრძანებდა - „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობააო“.  ყოველგვარი ხმაურის გარეშე საქმის მკეთებელი, შეჭირვებულთა გვერდით მდგომი და, რაც მთავარია, უსაზღვროდ შეყვარებული თავის ხალხსა და ქვეყანაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე და იმ საქმეზე, რასაც იგი ათეული წლებია თავდადებით ემსახურებოდა. სწორედ ასეთი გახლდათ პროფესორი რევაზ სტურუა.

დ. გურგენიძე, ა. აბშილავა, თ. ახვლედიანი, მ.ადეიშვილი, თ.ბაციკაძე, ჯ.გახოკიძე, ზ.გასიტაშვილი, ბ. გულუა, ო.ზუმბურიძე, დ. თავხელიძე, ლ. კლიმიაშვილი,  კ. კოპალიანი, ჯ. კუხალაშვილი, რ. კვატაშიძე, ი. კუტუბიძე, თ. ლიპარტია, რ. მიშველაძე,  მ. მამისეიშვილი, ე. მეძმარიაშვილი, შ. ნაჭყებია, გ. სიხარულიძე, ბ. სონღულაშვილი, გ. სალუქვაძე, ნ. სამხარაძე, ლ. ტატიშვილი, ა. ფრანგიშვილი, კ. შენგელია, გ.ჩოგოვაძე, ი. ჩხარტიშვილი, ნ. ჩიხრაძე, ო. წეროძე, რ. ხუროძე


 

სიახლეებში დაბრუნება