საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

11-01-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს საიუბილეო თარიღს ულოცავს  - გოჩა ჩოგოვაძე 11 იანვარს 80 წლის გახდა.

გილოცავთ, ბატონო გოჩა, მრავალჟამიერ თქვენ და თქვენს ოჯახს!

უნივერსიტეტის სახელით, ბატონ გოჩას ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, ხანგრძლივ და ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

გოჩა ჩოგოვაძე დაიბადა 1941 წლის 11 იანვარს, ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე გამოავლინა მეცნიერული კვლევებისადმი მიდრეკილება. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განაგრძო გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე, სადაც 1964-67 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა. 1968 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. შემდგომ წლებში მუშაობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობებზე.

1971 წელს, გოჩა ჩოგოვაძის თაოსნობით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას.

პროფესორმა გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნის, მათი გაანგარიშების თეორიის შემუსავებასა და პრაქტიკაში დასანერგად. იგი მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას შეეხება, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, სახელდობრ - ხელოვნური ინტელექტი. ამ სფეროში მოპოვებული კვლევითი შედეგებიდან აღსანიშნავია რელაციურ დამოკიდებულებათა თეორია, მონაცემთა ბაზის ლოგიკური სქემების ავტომატიზებული დაპროექტება, ინტელექტუალური კომპიუტერული სასწავლო სისტემების ანალოგიური მანქანების დისკრეტული იმიტატორი, გადაწყვეტილებათა მიღების სემიოტური სისტემები, შეტყობინებათა დანაკარგის ალბათობის გამოთვლის მეთოდი, ექსპერტული სისტემების ავტომატიზებული დაპროექტების კონცეპტუალური მეთოდები და სხვ.

პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. იგი მრავალი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო.

პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან.

1981-1986 წლებში გოჩა ჩოგოვაძე მუშაობდა პარიზში, იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად.

1986-1988 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1988 წელს პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. ქვეყნის საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების ამ უმთავრეს კერას ის 1994 წლამდე უძღვებოდა. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და ქვეყანაში ახალი სოციალ-პოლიტიკური წყობის დამკვიდრებას. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრების დაწყება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელმაც 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1990 წლის 14 სექტემბერს, სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა, საინჟინრო განათლების პარალელურად, ჰუმანიტარული სპეციალობების დაფუძნება. გაიხსნა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სადაც მიიწვიეს თვალსაჩინო მეცნიერები და სპეციალისტები, გაიხსნა ახალი კათედრები, სწავლება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გადავიდა.

1992 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის მაღალკვალიფიციურ კადრებს უშვებს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის, როგორც რექტორის ღვაწლი მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაკავშირებასა და საქმიანი კონტაქტების გაღრმავებაში.

მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე 1988 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 1993 წელს - ნამდვილ წევრად.

აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. არჩეულია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრად.

1994 წელს აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური მისია დაეკისრა. ის წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

ამ მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მიზანმიმართული მოღვაწეობის შედეგია საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფოს, აგრეთვე, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მთავრობათა თანადგომა საქართველოსადმი და საქმიანი წრეების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის, როგორც მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ფრანკოფონიის“ წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის - გოჩა ჩოგოვაძის თავდადებული სამსახური ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებითაა აღნიშნული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, 2001 წელს, ის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ღვაწლი მეცნიერებასა და დიპლომატიურ ასპარეზზე დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი თავდადებითა და ერთგულებით უნდა ემსახურებოდე ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის საქმეს.


 

სიახლეებში დაბრუნება