29-12-2020
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ქვემოთ მითითებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:
ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მიწის, წყლის და ტყის რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) პოზიციაზე.
მის: თბილისი, კოსტავას ქ. #69, მე-10 სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ტელ.: 2 22 32 16.
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება უნივერსიტეტისა (www.gtu.ge) და შესაბამისი კვლევითი ერთეულის ვებგვერდზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე;
- კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 4-5 თებერვალს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 5 თებერვალს საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 8 თებერვლის ჩათვლით;
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
I I I. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
სიახლეებში დაბრუნება