საქართველოს ტექნიკურმა ინტელიგენციამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ახალგაზრდობის აღმზრდელი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი ივანე გორგიძე, რომელმაც თავისი უაღრესად დატვირთული ცხოვრების გზა სახელოვნად განვლო ქვეყნისა და ხალხის თავდადებულ სამსახურში.
პროფესორი ივანე გორგიძე დაიბადა 1942 წლის 12 ივნისს, ქ. თბილისში. 1959 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 30-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1964 წელს.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა სპი-ის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1965–1978 წწ.-ში, სამსახური გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, შემდეგ სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში; 1975–1980 წწ.-ში იყო საქართველოს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრ „ალგორითმის“ დირექტორი; შემდგომ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში, რესპუბლიკს მინისტრთა საბჭოში. 1996-2003 წწ.-ში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინჟინრო და სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი; საქართველოს ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საზოგადოების სწავლული მდივანი; საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტთან არსებული ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
1980 წელს ივანე გორგიძე დაინიშნა საქართველოს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანების დირექტორად, რომელსაც სათავეში ედგა 2000 წლის ჩათვლით. მისი სამეცნიერო თემატიკის ინტერესს წარმოადგენდა მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორია, მართვის პრობლემები, მართვის სისტემები, ორგანიზაციული სისტემების აგება და მართვა. არის აქტიური სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი.
2007 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის პროფესორი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
ივანე გორგიძე არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკადემიის აკადემიკოს-მდივანი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიისა და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის ნამდვილი წევრი; სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10-ზე მეტი მონოგრაფია.
ბატონი ივანე გორგიძე უაღრესად კაცთმოყვარე და მრავალმხრივ განსწავლული მეცნიერი გახლდათ. იგი დაჯილდოებული იყო „ღირსების ორდენით“, საპატრიარქოს სიგელით, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის დიპლომით და სხვა მაღალი ჯილდოთი. ძნელი წარმოსადგენია ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოება ისეთი ღირსეული, მრავალმხრივი მეცნიერის გარეშე, როგორიც ბატონი ვანო გორგიძე გახლდათ.
მისი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს, როგორც ქვეყნისა და ხალხის საქმისადმი თავდადებული ჭეშმარიტი მამულიშვილი.